ბოლო წლების განმავლობაში, რამდენიმე პოლიტიკური/სამხედრო გადაწყვეტილების შემდეგ, რომლებიც ამერიკული ჯარების მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გაყვანას უკავშირდებოდა, მედიასა და საექსპერტო წრეებში გაჩნდა მოსაზრება, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები იზოლაციონიზმისკენ ბრუნდება. წინამდებარე სტატიაში მინდა შევეხო ზოგადად იზოლაციონიზმის გამოხატულებას ამერიკის ისტორიაში და გავცე პასუხი კითხვას – რეალურია თუ არა თანამედროვე ამერიკისთვის იზოლაციონისტური მიდგომა გლობალური პოლიტიკის მიმართ?

იზოლაციონიზმი როგორც ცნება, ჯერ კიდევ ამერიკის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის ეპოქიდან მოდის, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბებული შეერთებული შტატები, ერთგვარი საგარეო პოლიტიკური არჩევანის წინაშე დადგა – მიმხრობოდა საფრანგეთში დაწყებულ რევოლუციურ მოძრაობას თუ უბრალოდ თავი შორს დაეჭირა მისგან. ქვეყნის პირველი ფინანსთა მდივნის, ალექსანდრე ჰამილტონის რჩევით, ვაშინგტონი არ ჩაყვა ფრანგული რევოლუციის ქარტეხილებს და მიუხედავად 1778 წელს დადებული ფრანგულ-ამერიკული ხელშეკრულებისა (რომელიც მხარეებს ბრიტანეთთან ბრძოლის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ავალდებულებდა), თავი აარიდა ევროპულ კონფლიქტებში რაიმეგვარ მონაწილეობას.

იზოლაციონიზმის, როგორც ევროპულ ომებში ჩაურევლობის პრინციპი, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. „ჩვენი ბედისწერის ევროპის სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რატომ უნდა შევუქმნათ საფრთხე ჩვენში მშვიდობასა და კეთილდღეობას? ღირს კი ევროპული ამბიციები, დაუსრულებელი მეტოქეობა და ინტერესები ამ ფასად?“ – აღნიშნავდა ჯორჯ ვაშინგტონი თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში.

თეორიასა და პრაქტიკაშიც, მე-19 საუკუნის განმავლობაში, შეერთებული შტატები ნამდვილად შორს იჭერდა თავს ევროპის კონტინენტისგან და მისგან დამოუკიდებლად, ოკეანის მიღმა ამჯობინებდა განვითარებას. თუმცა, იყო კი იგი თავდაპირველ ცამეტ შტატში ჩაკეტილი და სრულად ინარჩუნებდა ნამდვილი იზოლაციის კონცეფციას?

შეიძლება ითქვას, ატლანტის ოკეანის მიღმა კი, თუმცა, რა ხდებოდა თავად ამერიკის კონტინენტზე? თუკი ამერიკელ მკვლევარებსა და დიპლომატიის ისტორიკოსებს დავეყრდნობით, შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის პირველ წლებშიც კი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო, როგორც სრულად იზოლაციონისტური, რამდენადაც, იქ ჩასული კოლონისტების შთამომავლები თუ ახალი მოსახლეები, გამუდმებით მიიწევდნენ ახალი ტერიტორიებისკენ და ჰქონდათ კონტიტენტის დასავლეთის ათვისების ამბიცია. ამის მაგალითია 1803 წელს, ნაპოლეონის საფრანგეთისგან ლუიზიანას შესყიდვა, რომელიც დღევანდელი ე.წ „შუა დასავლეთის“ (Middle-West) უდიდეს ნაწილს მოიცავს. ამას დაემატა 1819 წელს ფლორიდის მიერთებაც.

საქმე ის არის, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისშივე, ევროპის სახელმწიფოებს იმდენად აშფოთებდათ ამერიკული ექსპანსიონიზმის მზარდი ამბიციები, რომ ისინი, ამერიკისთვის გარკვეული ტერიტორიების ნაღდი ფულის სანაცვლოდ დროულ მიყიდვას არჩევნდნენ, შესაძლო თავდასხმების ასარიდებლად. ასე მაგალითად, ესპანეთი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ შეერთებულ შტატებს ლუიზიანა შეესყდა, რამდენადაც მათთან პირდაპირი გამეზობლება არ სურდა.

ტერიტორია, რომელიც შეერთებულ შტატებს 1803 წელს, ლუიზიანას შესწყიდვის შედეგად გადაეცა

მონროს დოქტრინა

იზოლაციონიზმის დასასაბუთებლად, ხშირად სწორედ პრეზიდენტ ჯეიმს მონროს დოქტრინა მოჰყავთ ხოლმე მაგალითად, თუმცა რეალურად, მონროს დოქტრინა ერთის მხრივ იყო ევროპული კოლონიზაციისგან ამერიკის კონტინენტის დაცვის განაცხადი, ხოლოს მეორეს მხრივ, შეერთებული შტატების პრეტენზია ამავე კონტინენტზე გავლენის გაფართოებისთვის. როგორც იმ პერიოდის ერთ-ერთი ბრიტანული გაზეთი წერდა – „იანკებს ამით სურთ მონოპოლია გამოაცხადონ კოლონიზაციაზე და პრივილეგიით ისარგებლონ ამერიკის კონტინენტის ნებისმიერ ნაწილში.“

ასეთი დასკვნა დოქტრინის ალბათ საუკეთესო ანალიზი იყო, რამდენადაც შემდგომ წლებში დაბადებული კონცეფცია, „ბედისწერის მანიფესტი“ (Manifest Destiny), სწორედ ევროპელების კონტინენტიდან სრულად განდევნას ისახავდა მიზნად.

Manifest Destiny

კონტინენტის ათვისებისას გაჩენილმა ამ კონცეფციამ უდიდესი როლი შეასრულა შეერთებული შტატების დასავლეთით გაფართოების პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ევროპის კონტინენზე დიპლომატიურ გადაწყვეტილებებში ხალხის აზრი მმართველთათვის ნაკლებად საყურადღებო იყო და ეს საქმე ძირითადად ტირანთა გადასაწყვეტად მიიჩნეოდა, ამერიკელთა დიდი ნაწილი ცდილობდა ყურადღებით გაეკონტროლებინა მთავრობის მოქმედებები საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტისას. ევროპაში პირველი დიპლომატი, რომელმაც მასების მხარდაჭერის ძიება დაიწყო, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო მდივანი ჯორჯ კანინგი იყო, როცა ეს კულტურა შეერთებულ შტატებში დაარსებიდანვე არსებობდა.

ამიტომ, „ბედისწერის მანისფესტი“ ერთგვარი გამამართლებელი კონცეფცია გამოდგა, უკვე მექსიკური ტერიტორიებისთვის ბრძოლის პროცესში. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, გარდა იმისა, რომ ამერიკელებისთვის ისედაც ხელსაყრელი იყო დასავლეთის ათვისება და მიწების დასაკუთრება, შეერთებული შტატების მთავრობას ხელ-ფეხი გაეხსნა მექსიკასთან ომისთვის, როდესაც ხალხში მოსაზრება გავრცელდა ბრიტანელთა ინტერესის შესახებ მექსიკურ ტერიტორიებზე, რომლებიც, საკრამენტოს ყურეს პორტის აშენებისთვის ხელსაყრელ ადგილად მოიაზრებდნენ.

სწორედ „ბედისწერის მანიფესტმა“ გაუმარტივა პრეზიდენტ ჯეიმს პოლკს ტექსასისა და კალიფორნიის ტერიტორიების გამო ჯერ ომი, შემდგომ კი ხელშეკრულებით გამოსყიდვა, რამდენადაც, ამერიკელებს სჯეროდათ, რომ ამით ევროპის, კერძოდ კი ბრიტანეთის გავლენებს შეამცირებდნენ კონტინენტზე.

როგორც ვხედავთ, ექსპანსიონიზმისკენ ამდენად მიდრეკილ სახელმწიფოს ერთის მხრივ შეუძლებელია ვუწოდოთ იზოლაციონისტური, თუმცა ყველაფერი დროსა და სივრცეში შედარებითია. მაგალითად, ახლად დაარსებულ შეერთებულ შტატებს, ისედაც ვერავინ მოსთხოვდა ევროპური ზღაპრულად მდიდარი მონარქიების საქმეებში ჩარევას და მათთვის კონკურენციაში შესვლას, მითუმეტეს თავად ევროპის კონტინენტზე. თუმცა, დროის გასვლასა და ინსტიტუტების გაძლიერებასთან ერთად, ამერიკელების შესაძლებლობებმა და სურვილებმაც იმატა. მე-19 საუკუნე ნამდვილად იყო იზოლაციონისტური, თუმცა მხოლოდ ამერიკის კონტინენტს შიგნით და მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული კონტინენტი, რესურსებისა და თუ ტერიტორიების თვალაზრისით, ნამდვილად არ არის უმნიშვნელო.

ნაცრისფრად რუკაზე მონიშნულია 1848 წელს, მექსიკასთან ხელშეკრულებით მიერთებული ტერიტორია

ვუდრო უილსონი და რესპუბლიკელი იზოლაციონისტები

მე-19 საუკუნის ტრადიციამ მომდევნოშიც გადაინაცვლა, ამერიკელები კვლავ უღიმღამოდ ეკიდებოდნენ ევროპის შიდა საქმეებში რაიმეგვარ ჩარევას, ვიდრე გერმანული წყალქვეშა ნავები პირდაპირ არ დაემუქრნენ მათთვის სასიცოცხლოდ საჭირო სავაჭრო გზებს და მათ შორის ერთ-ერთი სამგზავრო გემი არ ჩაუძირეს. პირველ მსოფლიო ომში ამერიკის მონაწილეობამ ევროპული დემოკრატიების ბედი გადაწყვიტა, თუმცა ომი დასრულდა და პოლიტიკოსებს უკვე ახალ წესრიგში უწევდათ გადაწყვეტილების მიღება.

უილსონის იდეა ერთა ლიგის შესახებ მთელ ევროპაში მღელვარე ოვაციებით გავრცელდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტს თავის ქვეყანაში ვერ აეხსნა მისი საჭიროების შესახებ და სხვათა შორის, ოპოზიციურ რესპუბლიკურ პარტიასთანაც, ყოველგვარ მოლაპარაკებას აარიდა თავი. ამიტომ, კონგრესმა, უილიამ ბორასა და ჰენრი ლოჯის მეცადინეობით ერთა ლიგაში შესვლას მხარი არ დაუჭირა და შედეგად, 1920 წელს არჩეული პრეზიდენტის, უორენ ჰარდინგის საგარეო პოლიტიკა ხასიათდება, როგორც „უკან ნორმალურობისკენ“, რაც გულისხმობდა ევროპის საქმეებისგან კვლავ ჩამოშორებას.

თუმცა ამ შემთხვევაში უკვე ასპარეზზე ამერიკული ბიზნესი გამოვიდა, რომელიც იმდენად აქტიურობდა მსოფლიოს ყველა წერტილში, რომ ამერიკის იზოლაციონისტურად დახასიათება, ცოტა არ იყოს უკვე ირონიულადაც კი ჟღერდა. გარდა ამისა, იმ დროისთვის იზოლაციონისტი რესპუბლიკელების ზეწოლას შეიძლება დავაბრალოთ ამერიკის პასიურობა პარიზის მოლაპარაკებებში, რა დროსაც, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გერმანია ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ მარშალმა ფოშმა ვერსალის ზავს ოც წლიანი საზავო ხელშეკრულებაც კი უწოდა.

საგარეო ურთიერთობები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

მიუხედავად რეალური საფრთხეებისა და გერმანიის მიერ კვლავ წამოწყებული ომისა, ამერიკელები ტრადიციულად და მათ შორის პრაქტიკული მიზეზებიდან გამომდინარეც, იმდენად ერიდებოდნენ ომში ჩართვას, რომ პერლ-ჰარბორის დაბომბვამდე, ოპერაციებში მონაწილეობა არ ისურვეს. სურვილები ერთია, თუმცა შეერთებული შტატები 1930-იანი წლებისთვის უკვე თითქმის მთელ წყნარ ოკეანის აკონტროლებდა და მისთვის მთავარი მეტოქე იქ სწორედ იაპონია იყო. შესაბამისად, ამერიკული ბიზნესი და პოლიტიკა დიდი ხნის გაცდენილი იყო ამერიკის კონტინენტს. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ჩვეულებრივი ამერიკელი მოქალაქეების გავლენა საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ტრადიციულად დიდია, ამიტომ, მშვიდობას მიჩვეულ ამერიკელს ნაკლებად სურდა ომის საშინელებები და მსხვერპლი.  სწორედ ამით შეიძლება ავხსნათ პრეზიდენტებისა და ზოგადად პოლიტიკოსებისგან, ომში ჩართვის მოწოდების შესახებ სიფრთხილე.

ყველასთვის ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომმა იმდენად დაასუსტა და დაანგრია ევროპა და ისეთი ვაკუუმი დატოვა დასავლური სამყაროს უსაფრთხოებაში, რომ შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე, უკვე ლენინის ნაოცნებარი მსოფლიო რევოლუცია შეიძლება ქცეულიყო რეალობად. ამის შესაჩერებლად, პრეზიდენტმა ტრუმენმა და შემდეგ ეიზენჰაუერმა, ამერიკული საგარეო პოლიტიკური კურსი რადიკალურად შეცვალეს. მეორე მსოფლიო ომის სახელგანთქმული გენერალი საკმაოდ მკაფიო იყო ამერიკის როლის დახასიათებისას. მან საიგაუგურაციო მიმართვაში განაცხადა – „ჩვენ დაკავშირებული ვართ ყველა თავისუფალ ადამიანთან არა მარტო კეთილშობილური იდეით, არამედ უბრალო აუცილებლობით. თავისუფალ ადამიანთა ერთიანობის შესაქმნელად, ჩვენი დროის გამოწვევების დასაძლევად ბედისწერამ ჩვენ ქვეყანას დააკისრა თავისუფალი სამყაროს ლიდერობა.“

მაშასადამე, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, ამერიკა არა ევროპის საქმეებისგან განყენებულად, არამედ უკვე თავისუფალი სამყაროს ლიდერად განიხილავს თავს. ეს მოსაზრება უკვე პრაქტიკაშია რეალიზებული და ყოველდღიურობის ნაწილია.

როგორც ვიხილეთ, ამერიკული იზოლაციონიზმის გააზრება ყოველთვის ეპოქის შესაბამისად, შედარებით კონტექსტში არის აუცილებელი. თუკი ჯერ კიდევ ახალგაზრდა შეერთებულ შტატებს ვეხებით, იქ ვხვდებით იზოლაციონიზმის აშკარა კონტექსტებს, თუმცა მკვეთრად გამოხატული ამბიციებითა და ექსპანსიური მიდრეკილებით. ეს კონტექსტები სუსტდება და ქრება მე-20 საუკუნის განმავლობაში. მაგრამ რაც შეეხება თანამედროვე ეპოქას, აქ ამერიკის როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში იმდენად დიდია, რომ შესაძლო იზოლაციონისტური მკვეთრი შემობრუნება, ფაქტობრივად შეუძლებელია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მედიასა თუ საექსპერტო წრეებში გაცხადებული ვარაუდები შეერთებული შტატების იზოლაციონიზმში დაბრუნების შესახებ, ძალიან შორს დგას რეალობისგან.