კავანო – ისტორია

შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ, ბრეტ კავანომ, მოსამართლის ფიცი 2018 წლის ოქტომბერში დადო, თუმცა, ამისათვის მას საკმაოდ გრძელი და მტკივნეული გზის გავლა მოუხდა. იგი არაერთხელ გახდა ცილისწამების მსხვერპლი. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, უშუალოდაც კი დაესწრო მის სენატში მოსმენის პროცესს, თუმცა, მისი მიზნები, საბოლოოდ, სისრულეში ვერ მოვიდა.

აღნიშნულ თემაზე წერის მიზეზი გახლავთ ის, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, მეტად გააქტიურდა მოსამართლე კავანოს წინააღმდეგ ბრალდებების ახალი ტალღა და ახლა უკვე, მის იმპიჩმენტზე დაიწყო საუბარი.

მიუხედავად გაჟღერებული სხვადასხვა ბრალდებისა, რომლებიც, როგორც დრო და დრო ირკვევა, ძირითადად საფუძველსა და რეალობას მოკლებულია, კავანო მაინც მშვიდად აგრძელებს თავის ძალზედ საპასუხისმგებლო საქმიანობას და ვფიქრობ, რომ ხმაურის ეს მცდელობა, ოპონენტებს სასურველ შედეგამდე ვერ მიიყვანს.

თუმცა, უნდა დავსვათ კითხვა, რატომ მაინც და მაინც კავანო, უზენაეს სასამართლოში ხომ კიდევ სამი გამოკვეთილად კონსერვატორი მოსამართლეა, თუკი ე.წ. “მერყევ მოსამართლეს” (Swing Justice), ჯონ რობერტსს არ ჩავთვლით? რისთვის იმსახურებს იგი ასეთი დონის ყურადღებას და რატომ მიიჩნევა ოპონენტებისთვის ამდენად სახიფათოდ?

საქმე ის არის, რომ ბრეტ კავანო, კონსერვატიული მართლმსაჯულების დაწინაურების გამოკვეთილი სახეა. ბრეტ კავანოს სენატში მოსმენის მომენტი, ამერიკულ საზოგადოებაში გაჩენილი ერთგვარი დაპირისპირების სარკე იყო, სადაც, ძალიან მწვავედ გამოჩნდა განსხვავებული აზრების დაპირისპირების შემთხვევა. ამ მძიმე ბრძოლაში, რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს, რისი წყალობითაც, კონსერვატიზმს ძალიან დიდი სტიმული მიეცა.

“ტრამპის მართლმსაჯულება”

თუკი ბრეტ კავანოზე საუბრისას მიმდინარე მოვლენების ზოგად სურათს არ შევეხებით, მის მიმართ აგორებული კამპანიის მიზეზების გამორკვევა ძალიან გაგვიჭირდება.

ზოგადად, შეერთებული შტატების პრეზიდენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც მდგომარეობს ფედერალური მოსამართლეების კანდიდატურათა დასახელებაში. აღნიშნული პრეროგატივით, გარკვეული დოზით, შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტმა ისარგებლა, თუმცა, უჩვეულო აქტიურობა მოუწია პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

საქმე იმაშია, რომ დონალდ ტრამპმა, მხოლოდ არასრული სამი წლის განმავლობაში უფრო მეტი კანდიდატურა წარადგინა, ვიდრე უკანასკნელმა ხუთმა პრეზიდენტმა თავიანთი ორივე საპრეზიდენტო ვადის შემთხვევაში (ჯორჯ ბუშ უფროსმა კი, ერთი ვადის შემთხვევაში). კერძოდ, ტრამპის მიერ სამივე ინსტანციაში წარდგენილია 209 მოსამართლე, ხოლო ამათგან 152, უკვე მოსამართლის სავარძელს იკავებს.

მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, თავისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, ტრამპმა 49 მოსამართლე წარადგინა, ხოლო აქედან 46-მა, უკვე დაიკავა სავარძელი. აღნიშნული სტატისტიკა ბევრად აღემატება წინა პრეზიდენტების მოცემულობას და შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვნად ცვლის მიდგომებს სამართალწარმოებაში.

ახლანდელი ადმინინსტრაციის მოწინააღმდეგეებისთვის, ეს შედეგი მეტად მიუღებელია, რამაც განაპირობა კიდეც განსხვავებული მიდგომის გაჩენა, წარდგენილი კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესში. The Heritage Foundation-ის მიხედვით, 1789-2000 წლებში, წარდგენილი კანდიდატების 97%-ს, სენატში არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ჯორჯ ვაშინგტონიდან ობამას ჩათვლით, სენატში წინააღმდეგობა ხვდა წარდგენილი კანდიდატების მხოლოდ 6%-ს, ხოლო დონალდ ტრამპის შემთხვევაში, მის მიერ ნომინირებული კანდიდატების 70% განიცდის რადიკალურ წინააღმდეგობას.

კავანო – გავლენა

კონსტიტუციური პროცედურებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის პრეროგატივის აღსრულების პროცესში, ოპონენტებს ხელის შეშლის არანაირი კანონიერი შესაძლებლობა არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ისინი არ არიან უფლებამოსილნი, რომ აღნიშნული ნომინირების პროცესები შეაჩერონ, ამიტომ, მთელი ყურადღება, კვლავ ბრეტ კავანოსკენ არის მიმართული. თუმცა, გარდა პოლიტიკური პროცესისა, ამ მოსამართლემ, თავისი გადაწყვეტილების გამოც მიიპყრო ყურადღება.

მისი ჩართულობით განხილული საქმეებიდან გამოჩნდა, რომ მისი მოწინააღმდეგეების შიშებს, საფუძველი ნამდვილად ჰქონია.

ზოგადად, როგორც ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში, ინდივიდთა იდეოლოგიური შეხედულებები, საბოლოო პროდუქტზე გავლენას უზენაეს სასამართლოშიც ახდენს. აქედან გამომდინარე, ბრეტ კავანოს სამართლებივი მოსაზრებები, უკვე აისახა რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე.

კერძოდ, ბრეტ კავანომ კონსერვატორი მოსამართლეების მხარი დაიჭირა მიგრანტთა დაკავების, სიკვდილით დასჯისა და სუვერენული იმუნიტეტის საკითხებზე. მეტიც, ეს გადაწყვეტილებები, 5-4-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული, რაც ნიშნავს, რომ კავანოს ხმა, აბსოლუტურად გარდამტეხი აღმოჩნდა.

ყოველივე ეს მიუთითებს, რომ მიმდინარე პერიოდში, კონსერვატიული მართლმსაჯულება აღმავლობის გზაზეა, ხოლო ბრეტ კავანო, ცალსახად ასეთი შეხედულებების ფლაგმანთა რიგებში ითვლება. აქედან გამომდინარე, მოწინააღმდეგეებს შეშფოთების საფუძველი ნამდვილად აქვთ, თუმცა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული შეძლებენ თუ არა ისინი თავიანთი სასარგებლო შედეგების მიღწევას.