„თუ გილიოტინა ასე მოგწონთ, მხოლოდ და მხოლოდ
იმიტომ, რომ თქვენთვის თავების წაცლა უფრო ადვილია ვიდრე იდეის შექმნა.“

რამდენიმე წლის წინ ყურადღებით გავეცანი რუსი ავტორის, ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოებს – „ეშმაკნი“. ვფიქრობ იგი აშკარა წინასწარმეტყველებაა რადიკალური მარქსისტული იდეების შესახებ, რომლებიც, რუსეთში რამდენიმე ათწლეულის შემდეგ განხორციელდა, თუმცა, უშუალოდ დოსტოევსკის სიცოცხლეში მზადდებოდა. ნაწარმოების გაცნობის დროს ალბათ რთულად წარმოვიდგენდი, რომ სამიოდე წელიწადში, უკვე დასავლეთი დადგებოდა ფაქტობრივად იდენტური იდეოლოგიური საფრთხეების წინაშე.

მიმდინარე წერილში, ვეცდები მარტივად გადმოვცე მსგავსება და გავავლო პარალელი მწერლის მიერ აღწერილ რადიკალურ იდეოლოგიასა და თანამედროვე მემარცხენე მოძრაობებს შორის.

როგორც უკვე მივხვდებოდით, ნაწარმოებს საკმაოდ ღრმა პოლიტიკური სარჩული აქვს და მარტოოდენ ადამიანური გრძნობებისა თუ რომანტიული პასაჟების მოყვარულთათვის, იგი საუკეთესო მიგნება არ არის. მოვლენები ვითარდება მე–19 საუკუნის რუსეთში, სადაც ყოველდღიურად უფრო მწიფდება და ძლიერდება ანტიმონარქისტული, რევოლუციური იდეა. თუმცა, ასეთი განმარტება მის მხოლოდ ცალკეულ პერიოდს შეესაბამება, რამდენადაც, ამ რევოლუციურმა იდეამ იმდენად იცვალა დატვირთვა და ელფერი, რომ მწერლის აზრით, მისი თავდაპირველი სულისჩამდგმელები, მოგვიანებით უბრალოდ ვეღარც სცნობდნენ მას.

მეტად უტოპიური, თუმცა ნიშანდობლივია რომ მთავარი გმირი და რევოლუციონერი სტავროგინი, ერთ–ერთი უმსხვილესი რუსი მემამულის შვილი და შთამომავალია. იგი გამოყენებულია, ტიპიური რევოლუციონერის შინაგანი და გარეგანი განწყობების აღსაწერად. მწერალი მსხვილი მემამულის სტატუსს ერთის მხრივ მკითხველისთვის მაღალი საზოგადოების წიაღის საჩვენებლად იყენებს, თუმცა, ამას სხვაგვარი დატვირთვაც აქვს.

კერძოდ, მას სურს წარმოაჩინოს თავად დაწინაურებული ფენის, ელიტის გავლენა რევოლუციური იდეების მომზადებაში, რომლებიც, საბოლოოდ თავად საზოგადოების ამ ნაწილს გამოუთხრის ძირს. ნაწარმოებში ვხვდებით მაღალი საზოგადოების წევრ პერსონაჟებს, რომლებიც თავიანთი გავლენებით ხელს უწყობენ და მფარველობენ კიდეც ნიჰილისტ ახალ თაობას. ასეთი ნარატივი, მწერალს სწორედ იმდროინდელი რუსული მაღალი საზოგადოების კრიტიკისთვის სჭირდება, რომელსაც რევოლუციური იდეების გავრცელებაში არანაკლებ დამნაშავედ მიიჩნევს.

უნდა აღინიშნოს, რომ ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი (გვარად ვერხოვენსკი) რუსი ნეჩაევის პროტოტიპია, რომელიც, ნიჰილისტური დაჯგუფებების წევრი და ტერორისტი გახლდათ. მან თავისი ყოფილი თანამოაზრე ივან ივანოვი, მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ამ უკანასკნელმა პროპაგანდისტური წერილების გავრცელება აღარ ისურვა. მკვლელობა 1869 წელს მოხდა, რამაც გადააწყვეტინა კიდეც დოსტოევსკის ანტინიჰილისტური ნაწარმოების შექმნა.

რეალობაში, ნეჩაევი გახლდათ ავტორი პოლიტიკური ტრაქტატისა – „რევოლუციის კატეხიზმო“, რომელიც გამოირჩევა თავისი რადიკალიზმით და არსებული წესრიგის ძალადობრივი შეცვლის იდეით. მასში შევხვდებით სიტყვებს: „რევოლუციონერი ბნელი ადამიანია. მას არავითარი პირადი ინტერესი, საქმე, სენტიმენტები, კავშირები, საკუთრება და სახელიც კი არ გააჩნია. იგი მთლიანად მიძღვნილია ერთი მიზნისა და ფიქრისკენ – რევოლუცია. კანონები, კარგი ქცევა, კონვენციები და ამ სამყაროს მორალი – სწორედ ამ ყველაფრის უმოწყალო მტერია რევოლუციონერი და აქვს მიზანი, რომ გაანადგუროს ისინი.“

წიგნში ასეთი რევოლუციური დოქტრინის ავტორად და შემქმნელად ვინმე შიგალიოვი გვევლინება, რომელიც უტოპიური სოციალიზმის მოდელს აყალიბებს, საყოველთაო თანასწორობის დამკვიდრებისა და საკუთების გაქრობის  შესახებ. თუმცა მის დოქტრინას აგრძელებს მთავარი გმირი ვერხოვენსკიც, სიტყვებით – „აბა სოციალიზმში რა ყრია, ძველი გაანადგურო და ახალი არაფერი შექმნა“.

ნაწარმოების გაცნობისას შეიძლება გაგვიჩნდეს განცდა, რომ მწერალი ზედმეტად კრიტიკული და ხისტია მოძრაობის დახასიათებისას. იგი არ მორიდებია მსგავს მოსაზრებებს: „მე მოვყვები იმ უნამუსო აქოთებული და გათახსირებული ლაქიის ამბავს, ვინც პირველი აცოცდება კიბეზე მაკრატლით ხელში და დიადი იდეალის ღვთაებრივ სახეს ჩამოფხრეწს ერთობის, შურისა და სტომაქის სახელით“. დოსტოევსკი, საშუალო მოცემულობის რევოლუციონერს ამ წინადადების კონტექსტში განიხილავს.

უნდა ვთქვათ, რომ ბოლშევიკური რევოლუციის დროს, მისი ნაწარმოები წინასწარმეტყველება გამოდგა როგორც სოციალური წყობის, აზრის პოლიციის, ახალი პოლიტიკური კლასის დიქტატურის, საკუთრების საკითხების თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებით.

თუმცა, რა ხდება დღეს და რატომ ვფიქრობ, რომ „ეშმაკნი“ დღემდე აქტუალურია?

გონებამახვილი მკითხველი უკვე შეამჩნევდა მსგავსებებს და გაავლებდა პარალელებს დოსტოევსკის „ნგრევასა“ და თანამედროვე რადიკალური მოძრაობების მოქმედებათა შორის. ყველაზე თვალსაჩინო, ალბათ მაინც ისტორიული მეხსიერების მოშლა და იდეალების მოსპობის მცდელობაა, რაც, ამჯერადაც ისტორიული მონუმენტების ვანდალიზმსა თუ დამხობაში გამოიხატება. რევოლუციის შემდეგ, რუსმა კომუნისტებმა შეცვალეს სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტი, რაც წინა რეჟიმს უკავშირდებოდა. რომ აღარაფერი ვთქვათ რელიგიის აკრძალვასა და ტრადიციული საზოგადოებრივი ინსტიტუტების მოშლაზე.

აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს საზოგადოებრივი გათანასწორების იდეების ძალადობრივ გამოხატვას, რომელიც გრაფიტის სახით არაერთხელ აისახა მდიდრების დახოცვის მოწოდებითა და სხვ.

ამის გარდა, ჩვენს ეპოქაში საყურადღებოა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ელიტების მხარდაჭერა თანამედროვე რადიკალური მოძრაობების მიმართ, რაც უკვე აღვნიშნეთ, რომ ნამდვილად იყო დოსტოევსკის კრიტიკის საგანი. დღეს შესაძლოა დარწმუნებით ვერ ვთქვათ, რომ ისინი არ ფიქრობენ შესაძლო თანმდევი შედეგების შესახებ, თუმცა ფაქტად რჩება, რომ არ, ან ვერ ეწინააღმდეგებიან განვითარებულ მოვლენებს.

დასკვნის სახით იმის თქმა შეიძლება, რომ რადიკალური მოძრაობების ძირითადი მახასიათებლები არ შეცვლილა. ცვლილება გამოიხატა მხოლოდ იმ მიმართულებით, თუ რამდენის საშუალებას აძლევდათ მათ საზოგადოებრივი სისტემა. წესრიგისა და სტაბილურობის პერიოდში, ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა „ანტიფა“, ვერ ახერხებდა დღეს უკვე ჩვევად ქცეული მონუმენტების ნგრევის ორგანიზებასა თუ პოლიციის შენობების დაწვას. თუმცა, შესაძლებლობათა გამოჩენისთანავე, ისინი მე-19, მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი პროტესტის არაცივილური მეთოდებით შეუდგნენ იდეოლოგიური მიზნების შესრულებას.