თეო გლურჯიძე, GIPA

 

ვენესუელასა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს ჯერ კიდევ 1885 წლიდან ეყრებოდა საფუძველი. თუმცა, ახლანდელი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს პოლიტიკა მიმართულია თავისუფალი, განსხვავებული აზრის დევნისაკენ, რამაც ვენესუელა, როგორც ნავთობის რეზერვებით ყველაზე მდიდარი ქვეყანა, სრულ ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანა. ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთოხების მოშლასთან ერთად, გამოიკვეთა სხვადასხვა მხარეების მკვეთრი ინტერესები საგარეო პოლიტიკის ნაწილში. თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქტორი, როგორც ერთ-ერთი დაინტერესებული ძალის, რომლის მთავარი მიზანი საკუთარი ძალის დემონსტრირების საფუძველზე, მასზე მორგებული სამყაროს შექმნაა. ამ გეგმის ნაწილია ვენესუელაც

აღნიშნული საკითხი აქტუალობას არ კარგავს, რადგან ვენესუელის კრიზისს ბოლო არ უჩანს და უფრო მეტიც, ურყევად მიიწევს წინ. 2020 წლის პანდემიის გავრცელების შედეგად, საზღვრების დახურვამ და ნავთობის გლობალური ფასების ვარდნამ კიდევ უფრო გაამძაფრა მდგომარეობა.[1] უნდა აღინიშნოს, რომ ვენესუელის კრიზისი მეზობელი ქვეყნებისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. აშშ და რუსეთის გარდა, არსებობს  არაერთი ინტერესის მხარე, მაგალითად: ბრაზილია, კოლუმბია, კუბა, რომლებიც განსაკუთრებულად განიცდიან საკუთარ თავზე აღნიშნულ კრიზისს. 2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე; საშუალო ხელფასი $4-ს გაუტოლდა. ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს, საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას “ეკონომიკურ ომს” აბრალებს, რომელსაც მათი თქმით, “იმპერიალისტური ძალები” აწარმოებენ. 2019 წელს, ფასები თანდათანობით ორჯერ გაიზარდა, მაღაზიებში ამოიწურა ფქვილის, პურის, საპნისა და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტები. მეზობელ ქვეყნებში – ბრაზილიასა და კოლუმბიაში 3 მილიონამდე ადამიანი გაიქცა.[2]

დასავლეთის მიერ აღიარებული ვენესუელის ლიდერი ხუან გუაიდო, 2020 წლის 5 თებერვალს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კონგრესისადმი მიმართვას დაესწრო

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავტორიტარული რეჟიმი სრულიად მოკლებულია თავისუფალი არჩევნებისგან მისაღებ ყოველგვარ სიკეთეს. ამას მოწმობს მადუროს განცხადებაც, რომელიც ვითომდა დემოკრატიული არჩევნების შემდგომ პერიოდში გააკეთა – „ჩვენ ულტიმატუმებს არავისგან ვიღებთ. უარს ვამბობ ახალი არჩევნების დანიშვნაზე. არჩევნები 2024 წელს გაიმართება. არ გვადარდებს რას ამბობს დასავლეთი.“ ამის საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის სახელმწიფოებმა, ვენესუელის პრეზიდენტად მადუროს მოწინააღმდეგე, ხუან გუაიდო აღიარეს. გამოდის, რომ ვენესუელაში საარჩევნო სისტემა მთლიანად ჩამოშლილია და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლის გზაც არ ჩანს. რეჟიმის სათავეში მყოფი პირები განაგებენ ასევე სასამართლო სისტემას, შედეგად, ის ყოველგვარ სამართლებრივ პრინციპს არის მოკლებული. ამის მიუხედავად, მას ჰყავს მოკავშირე რუსეთის სახით, რომლისთვის ჩამოთვლილი საკითხები ბევრს არაფერს ნიშნავს. რუსეთი ცდილობს ჩაანაცვლოს შეერთებული შტატები და ამისათვის ყველანაირ კომპრომისზე მიდის. ამის ნათელი მაგალითი ის სამხედრო აღჭურვილობაა, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ვენესუელის მთავრობას. შედეგად, ნიკოლას მადუროს სამთავრობო ძალები დღეს მთლიანად რუსული ტანკებით, იარაღითა და თვითმფრინავებით არიან აღჭურვილნი, რაც მომავალში, ქვეყნის თავდაცვითი ინვენტარის მობილიზების საფრთხის მომასწავებელია.

რუსეთის მიერ კეთილი მეგობრის როლში ყოფნა აშშ-ის მაღალჩინოსნებში  უდიდეს ეჭვებს იწვევს და არსებობს კიდეც გაბატონებული მოსაზრება, რომ რუსეთს არა მადუროს რეჟიმი აინტერესებს, არამედ საკუთარი ძალების დემონსტრირებაზე აკეთებს აქცენტს.  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვენესუელას სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მას 20 მილიონის ოდენობით ინვესტიცია აქვს ჩადებული სწორედ ამ ქვეყანაში. ასევე საინტერესოა, რომ ვენესუელა ყოველთვის ღია მხარდაჭერას გამოხატავდა რუსეთის მიმართ, რაც გამოიხატება ასევე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებაში. მაგრამ აუცილებელია აღინიშნოს, რომ კრემლის აქტიურობის მიზეზი უმთავრესად სწორედ ნავთობს უკავშირდება. რუსეთის ნაციონალურმა ნავთობ კომპანია „როსნეფტ“-მა დაახლოებით 9 მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა ვენესუელის ნავთობპროექტებში. უფრო მეტიც, კონკრეტული კომპანია ვენესუელაში ერთ-ერთ ნავთობმომპოვებელ საწარმოს ფლობს და დაახლოებით 20 ტონა ნედლეულსაც ამუშავებს. ამის გამო,  ექსპერტები ფიქრობენ, რომ „რუსეთი მადუროში იმდენად დიდ ინვესტიციებს დებს, რომ ერთადერთი ვარიანტი ამ ინვესტიციის გაორმაგებაა“[3]. აქედან გამომდინარე, რუსეთის დამოკიდებულების რაიმეგვარ ცვლილებას ვენესუელის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართ, ნაკლებად უნდა ველოდოთ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არსებულ ქაოტურ მდგომარეობას ემატება მიგრაციის პრობლემაც, რომელშიც ბრაზილია და კოლუმბია მთავარი მოთამაშეები არიან. გამომდინარე იქიდან, რომ ვენესუელასა და კოლუმბიას შორის საზღვარი ღიაა, იქ ადგილი აქვს საკვების, სამედიცინო პროდუქტებისა თუ ნავთობის კონტრაბანდას და რა თქმა უნდა, კონტრაბანდიდან აღებული ფული მიემართება კოლუმბიური მაფიისა და მთავრობისკენ.[4] სწორედ ამიტომაა, რომ ორი ქვეყნის მთავრობა თავისუფალ მიმოსვლაზე ამდენი ხნის განმავლობაში ხუჭავს თვალს. რაც შეეხება, ვენესუელა-ბრაზილიას, ვენესუელის კრიზისიდან გამომდინარე, ბრაზილიამ საკუთარ საზღვარზე უსაფრთხოება გააძლიერა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ ამერიკის ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გაღრმავება გამორიცხული არ უნდა იყოს.

ნიკოლას მადურო რადიკალურად ანტიამერიკულ პოზიციას ინარჩუნებს და ვაშინგტონის ყველანაირ ჩარევაზე უარს ამბობს. ასევე მის მხარეს არიან მისი პოლიტიკური კაბინეტის წევრები. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტრამპის ჩარევა კონკრეტულ კრიზისში იქნება სრულიად უგუნური ქმედება. ვენესუელას მთავრობას სჯერა, რომ ამერიკა თავიანთი ქვეყნის სტაბილურობას უქმნის სერიოზულ საფრთხეს და ტრამპის გამოხმაურებას მოიხსენიებს როგორც – „მტრული აქტი“. ამის საპასუხოდ ნიკოლას მადურო აცხადებს საომარ სწავლებებს, რითიც ხაზს უსვამს, რომ არ ეშინია აშშ-ის მთავრობის.[5]

ირანის დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა, 2020 წლის მაისში, ვენესუელაში 1.5 მილიონი ბარელი ნავთობი, იქ არსებული საწვავის დეფიციტის გამო ჩაიტანა

რეალურად კი, ვენესუელა იმყოფება გარდამტეხ ფაზაში, სადაც არსებობს ორი დილემა, დიქტატურა, რომლის უკანაც დგანან რუსეთი, კუბა ან დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა, რომელსაც ემხრობა აშშ, კოლუმბია, ბრაზილია. ზოგადად, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს ისტორიულად ახასიათებთ არასტაბილურობა, ხელისუფლების ქაოტური ცვლა და არაჯანსაღი სოციალურ-პოლიტიკური პროცესები, თუმცა სტატისტიკურად თუ შევხედავთ, ყოველივე ეს ვენესუელაზე კატასტროფულად აისახება, რამდენადაც იგი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე დაბალშემოსავლიანი და ღარიბი სახელმწიფოა. მიუხედავად გასულ წელს ხელისუფლების ცვლის მცდელობისა, მადუროს დიქტატორული რეჟიმის აღსასრულის პროგნოზირება, ამ მომენტისთვის ურთულეს გეოპოლიტიკურ გამოცანას წარმოადგენს.  ამასობაში კი, როგორ ირონიულადაც უნდა ჟღერდეს, ნავთობის ყველაზე ვრცელი რეზერვების მქონე სახელმწიფოს, პანდემიის თანმხლებ კრიზისში საწვავით ირანელი მოკავშირეები ამარაგებენ.

 

[1] Venezuela crisis: Facts, FAQs, and how to help – https://www.worldvision.org/disaster-relief-news-stories/venezuela-crisis-facts;

[2] იხ.  https://www.latimes.com/world/la-fg-venezuela-food-20190205-story.html-

[3] https://www.globalsecurity.org/military/world/venezuela/forrel-ru.htm – Venezuela – Russia Relations;

[4] https://venezuelanalysis.com/analysis/14091- Douglas Hernandez – Colombia Reports;

[5] США И Венесуела на погоде войны (2019) – https://nv.ua/specials/usa-venezuela.html?fbclid=IwAR0q-pw1UXglcwYVyuzDvAIvZE4k__HabBw6H38zW3u0TUdSyOQzU2QuLHU