ბექა ვალიშვილი, GIPA, მაგისტრანტი

 

ახლო აღმოსავლეთი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია, რომელიც დიდ როლს თამაშობს მსოფლიო პოლიტიკის განსაზღვრაში. დღესდღეობით, ირანის ისლამისტური რესპუბლიკა თავისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის გამო მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში არის მოქცეული. პირველ რიგში, ამის მიზეზია ირანის გამალებული სურვილი გახდეს ბირთვული სახელმწიფო, რომელიც კიდევ უფრო რეალური ხდება მას შემდეგ, რაც ირანი ტოვებს ბირთვულ შეთანხმებას. მოცემული საკითხი მეტად აქტუალურია და საჭიროებს დეტალურ განხილვას, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება განისაზღვროს ირანის მოსალოდნელი საგარეო პოლიტიკა.

სანამ გადავიდოდე უშუალოდ თემაზე, მოკლედ განვიხილოთ თუ რა მიზანს ემსახურებოდა „ირანის ბირთვული შეთანხმება“ და რატომ დატოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იგი. 2015 წელს, გაცხადდა, რომ მიღწეულია შეთანხმება თეირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი), ასევე გერმანიას შორის, რომელიც ითვალისწინებდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას. ამის სანაცვლოდ, გაუქმდებოდა ირანისთვის დაწესებული სხვადასხვაგვარი სანქციები.[1] ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ ამ შეთანხმებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება, არამედ ამ პროცესებში თვალნათლივ უნდა დავინახოთ, რომ ეს არის შესაძლებლობა, ახალი ეტაპი საერთაშორისო ურთიერთობებში.[2] იგი ასევე აღნიშნავდა, რომ დიპლომატიითა და ურთიერთთანამშრომლობის პირობებში შესაძლებელია დაძაბულობისა და ესკალაციის თავიდან აცილება. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ შეთანხმების განხორციელება ერთმნიშვნელოვნად დადებით წვლილს შეიტანდა რეგიონალური და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში.

საინტერესო მონაკვეთს ვაწყდებით ვენდი შერმანის სტატიაში „How we got the Iran Deal and why we’ll miss it“,[3] სადაც საუბარია აშშ-ირანის ურთიერთობებზე ობამას ადმინისტრაციის პერიოდში. კერძოდ, 2013 წლის ნოემბერში, მხარეებს შორის არსებული შეუთანხმებლობის გამო მოხერხდა მხოლოდ დროებითი შეთანხმების მიღება. ეს დროებითი შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ ირანს მოეხსნებოდა რიგი სანქციები და წვდომა დაუბრუნდებოდა 7 ტრილიონ დოლარზე, რომელიც უცხოურ ბანკებში იყო გაყინული. ამის საპასუხოდ, ირანს უნდა შეემცირებინა ურანიუმით გამდიდრების პროცედურები და ასევე, უფლება მიეცა საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას, რომელიც ინსპექტირებას მოახდენდნენ ბირთვულ იარაღზე.

ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ფიქრობდა, რომ ეს უფრო დიდ დროს მისცემდა ირანს სამოქმედოდ, რაც რეალურად არ აღმოჩნდა უსაფუძვლო ვარაუდი.

ამავდროულად, ირანის მთავრობა გაფრთხილებული იყო, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში იქნებოდა და ახალი პრეზიდენტი თვითონ გადაწყვეტდა რიგ საკითხებს.

2016 წლის არჩევნების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ხდება დონალდ ტრამპი, რომელიც მალევე ირანთან ურთიერთობებში რადიკალური ცვლილებების გატარებას იწყებს. 2018 წელს, პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება „ირანის შეთანხმების“ დატოვებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებას რეალურად არ აქვს არანაირი ძალა, რითაც შესაძლებელი იქნება ირანის ამბიციების შეკავება. ტრამპის გადაწყვეტილებით თეირანის და მისი სატელიტი ორგანიზაციების წინააღმდეგ ამოქმედდება მკაცრი სანქციები.[4]

შექმნილი კონფლიქტური სიტუაცია აშშ-სა და ირანს შორის კიდევ უფრო გამწვავდა ბაღდადში ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ.[5] შედეგად, ირანის ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ის შემდეგ, თავადაც დაეტოვებინა „ირანის ბირთვული შეთანხმება“. ყოველივე ეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და ზოგადად, მსოფლიო თანამეგობრობისთვის უსაფრთხოების პრობლემას წარმოშობდა. 2020 წლის იანვარში, ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებებიდან შეიძლება გამოვიტანოთ ის დასკვნა, რომ მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და რომ უცხო ქვეყნის ჯარისკაცების იქ ყოფნა სერიოზული პრობლემაა მისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ჰასან რუჰანი ევროპელ ლიდერებსაც ემუქრება და აფრთხილებს, რომ საფრთხე შესაძლოა მათ ჯარისკაცებსაც შეექმნათ, ამიტომაც მოუწოდებს მათ დატოვონ რეგიონი. ამ განცხადებებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუცილებელია ირანთან ურთიერთობის დროს მეტი სიმკაცრე გამოიჩინონ ამერიკელმა და ევროპელმა ლიდერებმა, რათა აღკვეთონ ირანისგან მომავალი პოტენციური საფრთხე. მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიქმნას ე.წ. „ტრამპის შეთანხმება“, რითაც ირანს ხელი შეეშლება ბირთვული იარაღის შექმნაში.[6]

ვენდი შერმანის აზრით, ირანის შეთანხმება არ იყო იდეალური, თუმცა ის მოიცავდა საუკეთესო დაზღვევის შესაძლებლობას რათა ირანს არ მოეხდინა ბირთვული შეიარაღების მოპოვება. „Joint Comprehensive Plan of Action“-ის შეზღუდვები ირანს ყველა შესაძლო გზას უკეტავდა, რათა არ მოეხდინა ბირთვული იარაღის შექმნისათვის საჭირო მასალების მოპოვება. სტატიიდან ირკვევა, რომ „ირანის შეთანხმებამდე“ რიგი სანქციების მიუხედავად, ირანმა მაინც შეძლო და 19000 ოპერატიული ცენტრიფუგა შექმნა. აქედან შეგვიძლია, გამოვიტანოთ ის აზრი, რომ ხელშეკრულება გარკვეულწილად ასრულებდა იმ მთავარ მიზანს, რაც გამოიხატებოდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაში.[7]

ჯეიმს ლინდსი სტატიაში აღნიშნავს, რომ ირანი ითვლება მსოფლიოს მეათე ბირთვულ ძალად. მისი თქმით, ირანის გაწევრიანება ბირთვულ სამყაროში იმის მანიშნებელია, რომ ის დაიწყებს მის გარშემო არსებული მეზობლების შევიწროებასა და ტერორიზმისათვის ხელშეწყობას ამერიკისა და ისრაელის წინააღმდეგ. ყოველივე ეს კი უარყოფითად იმოქმედებს აშშ-ის იმიჯზე რეგიონში. ლინდსის აზრით, ამერიკის მიზანი უნდა იყოს დაარწმუნოს ირანი, რომ ბირთვული შეირაღება მას მხოლოდ იზოლაციაში მოაქცევს. ავტორი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია აშშ-მა გააგრძელოს ირანის ეკონომიკურად დასუსტება, რის ხარჯზეც ირანს მოუწევს დათმობა და ბირთვულ იარაღზე უარის თქმა. გარდა ამისა, აშშ მზად უნდა იყოს ასევე სამხედრო კუთხიდაც, რადგან იმ შემთხვევაში თუ ირანი გახდება ბირთვული სახელმწიფო, არ არის გამორიცხული, რომ იგი შეეცადოს გამოიყენოს იარაღი და ხისტი პოლიტიკის შედეგად დაძაბოს ურთიერთობა.[8]

განსხვავებით წინა სტატიისგან, აკბარ განჯის ნაშრომში შეგვიძლია დავინახოთ ირანი განსხვავებული პოზიციონირებით. ხამენეის მიზანია აჩვენოს ამერიკას, რომ ირანის ბირთვული პროექტი მშვიდობიანია. ეს გულისხმობს იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღი სჭირდება მხოლოდ საკუთარი ძალის პოზიციონირებისათვის და ძალთა ბალანსისათვის და არა ამერიკის მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.[9]

ერიკ ედელმანის სტატიაში ნათლად არის განხილული შესაძლო შემთხვევები, იმ შემთხვევაში თუ ირანი გახდება ბირთვული სახელმწიფო როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში. განვიხილოთ ისრაელ-ირანის შემთხვევა: როდესაც ირანი განაცხადებს, რომ მას აქვს ბირთვული იარაღი, ისრაელიც საპასუხოდ განაცხადებს, რომ ისიც ბირთვული ქვეყანაა. როდესაც ვსაუბრობთ ისრაელ-ირანს შორის არსებულ შესაძლო ბირთვულ კონფრონტაციაზე, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ტერიტორიული მასშტაბები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბირთვულ დაპირისპირებაზე. განსხვავებით ირანისა, ისრაელს გააჩნია ტერიტორიული პრობლემა, რაც მის სიმცირეში გამოიხატება, ეს კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ერთი ბირთვული შეტევის შემთხვევაშიც კი, ისრაელი მიიღებს საკმაოდ მძიმე ზარალს. ამიტომ ძირითადი აქცენტი ისრაელის შემთხვევაში კეთდება იმაზე, რომ მან პირველმა დაარტყას ირანს. ამის საპასუხოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ირანმა იცის რა, რომ ისრაელს აქვს სტრატეგიული თავდასხმის კულტურა იგი შეეცდება, რომ დაასწროს ისრაელს და პირველმა გამოიყენოს ატომური იარაღი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ იქედან გამომდინარე, რომ რეალურად არცერთ მათგანს არ აქვს ატომური შეიარაღება – შესაბამისად, არ გააჩნიათ ატომური შეიარაღების სტრატეგია, რაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობას.[10]

ირან-საუდის არაბეთის შემთხვევა: ამ შემთხვევაში მოვლენები შესაძლოა განვითარდეს შემდეგნაირად – მოგვეხსენება, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დასახელებული ეს ორივე სახელმწიფო მიისწრაფვის რეგიონში ლიდერობისაკენ, ისინი არიან ასევე იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები. იმ შემთხვევაში, თუ ირანი გახდება ბირთვული სახელმწიფო ისრაელის მსგავსად, საუდის არაბეთი ვერ იტყვის, რომ მასაც აქვს ატომური შეიარაღება, თუმცა, რეალურად შეეცდება მის მოპოვებას.

ერიკ ედელმანის თქმით, ამერიკა მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ თავის მოკავშირე ქვეყნებს გადააფიქრებინოს ბირთვული იარაღის მოპოვების სურვილი. იმ შემთხვევაში, თუ ირანი რეალურად მოიპოვებს ბირთვულ იარაღს ეს იქნება პირდაპირ დაკავშირებული ამერიკის გავლენებთან ახლო აღმოსავლეთში. ავტორი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში შეიქმნება არასტაბილური ბიპოლარული ბირთვული გარემო. რაც პირველ რიგში გამოიხატება ირან-ისრაელის დაძაბულ ფონზე. ავტორი მიიჩნევს, რომ რაც უფრო მაღალია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების რიცხვი მით უფრო მეტია საფრთხეც, რაც გამომდინარეობს მზარდი ესკალაციის რისკებით. თუ შტატებს სურს, რომ შეინარჩუნოს გავლენა ახლო აღმოსავლეთში და მოახდინოს ირანის ბირთვული შეკავება, ამისათვის მან უნდა მიმართოს პრობლემის გადაჭრის შემდეგ გზას, რაც გამოიხატება დიპლომატიაში, სანქციების დაწესებაში, ფარულ მოქმედებებსა და სამხედრო ძალის გამოყენებაში. პირველ რიგში, ამერიკამ უნდა გააგრძელოს დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა ირანზე, რაც გაზრდის ირანის დანახარჯებს ბირთვული იარაღის შესაძლებლობების მოსაპოვებლად. რეალურად ამერიკამ უნდა მოახერხოს ის, რომ უბრალოდ ირანს აღარ უღირდებს ბირთვული იარაღის მოპოვებისათვის გაღებული მატერიალური რესურსები.[11]

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ამერიკამ უნდა გააგრძელოს დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა ირანზე, რაც შეამცირებს შესაძლებლობებს ბირთვული იარაღის მოსაპოვებლად. ანუ, ამერიკამ უნდა მოახერხოს ის, რომ ირანს აღარ უღირდეს იმ ფასის გადახდა, რომელიც საჭიროა ბირთვული იარაღის მოპოვებისთვის. უნდა ითქვას, რომ „ირანის შეთანხმებამ“, ხომენეის, 2015-დან 2018 წლამდე, ეკონომიკის სტიმულირების შესაძლებლობა მისცა, რამაც 4-ჯერ გაზარდა ირანის თავდაცვის ბიუჯეტი. შესაბამისად, მისგან მომდინარე მომეტებული საფრთხის გამო, აღნიშნული შეთანხმება სულ ცოტა, გადახედვას ნამდვილად საჭიროებდა.

[1] BBC News, Iran nuclear deal: Key details, 11 June 2019;

https://www.bbc.com/news/world-middle-east-33521655

[2] The Iranian nuclear deal: the challenge of the European Union, 2 December 2018;

https://www.eyes-on-europe.eu/iranian-nuclear-deal/

[3] Sherman, Wendy R. “How We Got the Iran Deal – And Why We’ll Miss It.” Foreign Affairs, September/October 2018

[4] Wagner Meg & Rocha Veronica, Trump withdraws US from Iran nuclear deal, May 9 2018;

https://edition.cnn.com/politics/live-news/trump-iran-nuclear-deal/index.html

[5] Burman Max, Iran pulling out of nuclear deal commitment after U.S. strike that killed Soleimani, January 5 2020;

https://www.nbcnews.com/news/world/iran-pulling-out-nuclear-deal-following-u-s-strike-killed-n1110636

[6] Safi Michael, European troops may be at risk after dispute process triggered – Iran, January 15 2020;

https://www.theguardian.com/world/2020/jan/15/european-troops-may-be-at-risk-after-dispute-process-triggered-iran

[7] Sherman, Wendy R. “How We Got the Iran Deal – And Why We’ll Miss It.”

[8] Lindsay James M. and Takeyh Ray, “After Iran Gets the Bomb”, Foreign Affairs, March/April 2010

[9] Ganji Akbar, “Who Is Ali Khamenei? The Worldview of Iran’s Supreme Leader”, Foreign Affairs, September/October 2013

[10] Edelman Eric S., Krepinevich Andrew E. & Montgomery Evan Braden, “The Dangers of a Nuclear Iran”, Foreign Affairs, January/February 2011

[11] Edelman Eric S., Krepinevich Andrew E. & Montgomery Evan Braden, “The Dangers of a Nuclear Iran”