კოლეგია და მისი მნიშვნელობა

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს ჩატარდა და ჩვეულებრივ, ერთ დღეში გამარჯვებულიც უნდა გამოვლენილიყო, თუმცა, საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. იმის გამო, რომ საკითხის მიმართ ინტერესი მაღალია, ვფიქრობ ვითარების თანმიმდევრული აღწერა ქართველ მკითხველს დაეხმარება პროცესის გააზრებაში.

პირველ რიგში საჭიროა საარჩევნო სისტემის მოკლე აღწერა, რათა მისი თავისებურებები იქნას გააზრებული. შეერთბულ შტატებში, არჩევნებს ფედერალური მთავრობა არ ატარებს, არამედ ცალკეული შტატის ორგანოები. ორმოცდაათივე შტატს აქვს ხმის მიღება-დათვლის ინდივიდუალური მეთოდი, თუმცა, ისინი ცხადია, არ სცდებიან საერთო სტანდარტს. აქედან გამომდინარე, საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევა ხდება უშუალოდ თითოეულ შტატში დაგროვებული ხმების მიხედვით, რაც, საარჩევნო კოლეგიის წევრების არჩევაში. თითოეული შტატიდან კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ, გამარჯვებულ პარტიას საარჩევნო კოლეგიის წევრები აძლევენ ხმას. ძირითადად, კოლეგიის წევრების ხმები გადაეცემა უმრავლესობით გამარჯვებულ პარტიას სრულად, თუმცა, შტატებში, ნებრასკასა და მეინში, კოლეგიის ხმები მიემართება ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად.

სწორედ აქედან გამომდინარე, გამარჯვებულის გამოვლენა დამოკიდებულია თითოეული შტატის კოლეგიის წევრების მიერ მიცემულ ხმებზე, რაც წარმოადგენს ამომრჩეველთა ხმების დადასტურებას. თუმცა, აქვთ კოლეგიის წევრებს ამომრჩევლის ნებისგან გადახვევის უფლება? ფორმალურად, კოლეგიის წევრებს დამოუკიდებელი ნება აქვთ, თუმცა, 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შტატებს აქვთ უფლება კოლეგიის წევრებს დაუწესონ სანქცია, თუკი ისინი ხალხის ნებას გადაუხვევენ. შესაბამისად, კოლეგიის წევრების ხმები, აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს შტატის ამომრჩევლების ნებას.

ვიდრე 50-ვე შტატის საარჩევნო კოლეგიის წევრები ხმას მისცემენ, ცხადია, არჩევნებთან დაკავშირებული ყოველგვარი ეჭვი უნდა იყოს გაფანტული. ზოგადად, შეერთბულ შტატებს არ ახასიათებს საარჩევნო შედეგების შესახებ კრიზისები, თუმცა, შეიძლება 2000 წლის არჩევნების გახსენება, რა დროსაც, ფლორიდის შტატის კოლეგიის წევრებს გაუჭიანურდათ შედეგის დაფიქსირება, რამდენადაც, ხმის დათვლის პროცესი რამდენიმე კვირით გაგრძელდა. ჯორჯ ბუშისა და ალბერტო გორის იმდროიდელ დაპირისპირებაში, თავდაპირველად ბუში თითქოს უპრობლემოდ გამოცხადდა გამარჯვებულად, თუმცა, ძალიან მალე ალბერტო გორიმ ხმების გადათვლა მოითხოვა, რაც, შეფერხებული იქნა 12 დეკემბერს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით. გამოდის, მთელი 35 დღის განმავლობაში 2000 წლის არჩევნების გამარჯვებული ამერიკამ და მსოფლიომ არ იცოდა.

შეიძლება ითქვას, რომ 20 წლის წინ ჩატარებული არჩევნები გარკვეულწილად ჰგავს წლევანდელს, რადგან, პრეზიდენტი ტრამპი უარს შედეგების აღიარებაზე, ვიდრე „ყველა კანონიერი“ ხმა არ იქნება დათვლილი. განსხვავება ის არის, რომ სადავო შტატების რაოდენობა გაზრდილია, ხოლო  გამარჯვებულთან დაკავშირებით ერთსულოვანი პოზიცია აქვს ე.წ. „მეინსტრიმ“ მედიას, რომლებმაც, ცალსახად დააფიქსირეს ჯო ბაიდენის ტრიუმფი. თუმცა, 72 მილიონზე მეტ ამერიკელს ამისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, რაც გაცხადდა კიდეც 14 ნოემბერს ტრამპის მხარდამჭერი მსვლელობის დროს, რა დროსაც, ვაშინგტონში სხვადასხვა მონაცემებით, ნახევარ მილიონამდე ადამიანმა მოიყარა თავი.

სადავო შტატები

ბევრი მოელოდა, რომ ძირითადი პოლიტიკური ბრძოლის ველი იქნებოდა პენსილვანია, მიჩიგანი, უისკონსინი, ოჰაიო, ფლორიდა, თუმცა ნაკლებ წარმოსადგენი იყო ისეთი შტატების გართულებული დათვლა, როგორიცაა ჯორჯია და არიზონა, რადგან, ეს ორი უკანასკნელი, ტრადიციულად რესპუბლიკური შტატებია და მათ კანდიდატებს ირჩევენ როგორც სენატში, ასევე საპრეზიდენტო სავარძლისთვის. რაც შეეხება ფლორიდასა და ოჰაიოს, იგი ბევრისთვის მოულოდნელად მოიგო ტრამპმა, ხოლო დანარჩენ ჩამოთვლილში, პროცესი გაჭიანურდა და საბოლოო შედეგები დღემდე უცნობია. მედიის ინფორმაციით, ბაიდენმა მოახერხა და გაიმარჯვა მიჩიგანში, უისკონსინში, პენსილვანიაში, ჯორჯიასა და არიზონაშიც. აქედან პირველ სამ შტატში, ტრამპმა 2016 წელს შეძლო გამარჯვება, თუმცა ამავე მედიის ვარაუდით, წელს შედეგი მის საპირისპიროდ შემობრუნდა.

უნდა ითქვას, რომ არჩევნების ღამეს ერთ უცნაურობას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ჩამოთვლილ ყველა შტატს, დონალდ ტრამპი საკმაოდ დამაჯერებლად იგებდა და 270 საჭიროს ნაცვლად, შეეძლო 300-მდე კოლეგიის წევრის ხმის დაგროვება. თუმცა, აღნიშნულ ხუთ შტატში ხმების თვლა გაჩერდა და სხვაობამ ბაიდენის სასარგებლოდ დაიწყო შემობრუნება. ასევე, გაჭიანურდა ნევადას შტატის დათვლა, რაზეც, სოციალურ ქსელებში მრავალ კომიკურ პოსტს თუ ჩანაწერს შეხვდებოდით, თუმცა, საბოლოოდ, ნევადაც დემოკრატების სასარგებლოდ გადაიხარა.

იურისტების არჩევნები

მიუხედავად იმისა, რომ მედიას მიკუთვნებული აქვს ჯო ბაიდენისთვის 306 კოლეგიის წევრის ხმა, უნდა შევთანხმდეთ, რომ პრეზიდენტი არჩეულად ითვლება შტატების წარმომაგენობითი ორგანოების მიერ არჩევნების ცნობისა და საარჩევნო კოლეგიის მიერ ხმების ოფიციალურად მიცემის შემდეგ. მანამდე, ასპარეზი ტრამპის კამპანიის იურისტებისა და მოსამართლეებისთვისაა გადაცემული. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ბევრი ანალიტიკოსი ე.წ. „იურისტების არჩევნებს“ წინასწარმეტყველებდა, რამდენადაც, არსებობდა რეკორდული აქტივობის მოლოდინი და ამასთან, საფოსტო ხმის მიცემის სისტემა თავიდანვე ქმნიდა ვარაუდს შესაძლო სირთულეებთან დაკავშირებით.

უცნაური გარემოებაა, თუმცა ისეთი დარღვევების გამო, როგორიცაა ერთი პიროვნების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა, გარდაცვლილების დაფიქსირება სიებში, არჩევნების დღის შემდეგ მოულოდნელად შესული ბიულეტენები, ტრამპის კამპანიის იურისტებს სასამართლო დავების წამოწყება უწევთ. ტრამპის კამპანია ცდილობს დაადასტუროს პენსილვანიაში დაახლოებით 200 ათასი ბიულეტენის გაუქმების აუცილებლობა, ასევე უისკონსინისა და მიჩიგანის ნაწილის ხელმეორედ გადათვლის საჭიროება. უნდა ითქვას, რომ რეპუბლიკელებმა შეძლეს და მიაღწიეს ჯორჯიის შტატის ხელმეორედ გადათვლის პროცესს და იმავე მოთხოვნები აქვთ არიზონაში. ერთი სიტყვით, სასამართლო პროცესები ჩამოთვლილთაგან ყველა შტატში მიმდინარეობს და მოლოდინია, რომ საბოლო პასუხს კითხვებზე გასცემს უზენაესი სასამართლო.

„დედლაინები“

ტრამპის კამპანიამ უზენაეს სასამართლოში საქმე უნდა დაასრულოს არაუგვიანეს 8 დეკემბრისა რადგან, კანონის მიხედვით, კოლეგიის წევრებს უკვე გადაწყვეტილი უნდა ჰქონდეთ აძლევენ თუ არა ხმას პრეზიდენტობის კანდიდატს, ყრილობამდე 6 დღით ადრე. წლევანდელი კალენდრის მიხედვით, კოლეგიის ოფიციალური ყრილობა გაიმართება 14 დეკემბერს. თეორიულად, შესაძლებელია კოლეგიის წევრების უმრავლესობა, ანუ 270-იანი ზღვარი ვერ დააფიქსირონ ვერც 14 დეკემბერს, რაც პრაქტიკაში ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა პროცედურა გაწერილია კონსტიტუციით. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტს აირჩევს წარმომადგენელთა პალატა, რომელშიც, დღეისთის დემოკრატების უმრავლესობაა წარმოდგენილი. მაგრამ, ამ შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს თითოეული შტატიდან თითო წარმომადგენელი. ამ მხრივ კი, დემოკრატები საგრძნობ უმცირესობაში არიან.

თანაფარდობა უზენაესში

როგორც ვიცით, რესპუბლიკელებმა მოასწრეს და რუთ გინზბერგის ჩამნაცვლებელი უზენაეს სასამართლოში, ჯერ კიდევ არჩევნებამდე დანიშნეს. ამით, რესპუბლიკელი მოსამართლეების რიცხვი 6-მდე გაიზარდა და მყარი უმრავლესობაც შექმნა. შესაბამისად, ხშირად აცხადებენ, რომ თუკი არჩევნებთან დაკავშირებული დავა უზენაეს სასამართლომდე მივა, რესპუბლიკელებს არჩევნების თავის სასარგებლოდ შემობრუნების შანსი აქვთ. იდეოლოგიურად, მართალია, რომ ცხრიდან ექვსი კონსერვატორი მოსამართლე საკმაოდ მყარი თანაფარდობაა, მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური მოცემულობა. ტრამპის კამპანიამ უკვე საკმაოდ ბევრი დარღვევისა და გადაცდომის შესახებ განაცხადა, თუმცა, მტკიცებულებები ცალსახად მრავლისმთქმელი უნდა იყოს და უნდა მიუთითებდეს უხეშ დარღვევებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლო მხოლოდ იდეოლოგიური მოტივების გამო, არჩევნების შედეგის შეცვლას ვერ შეძლებს.