კონსერვატიზმის ორი გამორჩეული ფილოსოფოსის, კლინტონ როსიტერისა და რასელ კირკის აზრით, რთულია ამ იდეოლოგიის კრისტალური ცნების ან მოდელის ჩამოყალიბება. უფრო მეტად იგი ბუნებრივი მდგომარეობა, ხასიათი და სამოქალაქო წესრიგის თავისებურის ხედვაა.

უფრო მეტი სიცხადის შესატანად, ისტორიკოსი რასელ კირკი აყალიბებს კონსერვატიზმის 10 პრინციპს, რათა გაამარტივოს მისი განმარტება.

  1. კონსერვატორს სჯერა, რომ ბუნებაში არსებობს ხელშეუხებელი მორალური წესრიგი.

ეს მორალური სიმართლე იმდენადაა მუდმივი, რამდენადაც ადამიანური ბუნება.  მე-20 საუკუნეში, მორალური წერიგის რღვევამ დამანგრეველი შედეგები მოიტანა. ძველი საბერნეთის კატასტროფის მსგავსად, აღნიშნულ საუკუნეში დიადი ერების ნგრევა, აჩვენებს პირადი ინტერესის გადაცდომებს და არასაკმარის საზოგადოებრივ კონტროლს, ძველი მორალური წესრიგის აგრესიულად ჩანაცვლების მიმართულებით.

საზოგადოება, რომელშიც ადამიანები გამძლე მორალური წესრიგის ქვეშ ცხოვრობენ, კეთილისა და ბოროტის განსხვავების შეგრძებით, რასაც თან ერთვის ინდივიდუალური შეხედულებები სამართლიანობასა და ღირსებაზე, ჩამოყალიბდება კარგ საზოგადოებად – მიუხედავად პოლიტიკური მოწყობისა. პარალელურად, საზოგადოება, რომელშიც ადამიანები მორალურად გაუწონასწორებლები არიან, არ ცნობენ ნორმებს და მხოლოდ საკუთარი მადის დაკმაყოფილებისკენ არიან მიდრეკილნი, ჩამოყალიბდება ცუდ საზოგადოებად – აქ მნიშნელობა არ აქვს რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე და რამდენად გამართულია მათი კონსტიტუცია;

  1. კონსერვატორი წეს-ჩვეულების, შეთანხმებისა და თანმიმდევრულობის მომხრეა.

ძველი, საერთო წეს-ჩვეულება ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტია. თანხმობა არის საშუალება, რომ თავი ავარიდოთ მუდმივ კონფლიქტს უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ხოლო თანმიმდევრულობა, თაობათა ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა. როდესაც წარმატებულმა რევოლუციონერებმა წაშალეს ძველი წეს-ჩვეულება, გააქრეს შეთანხმებები და დაამსხვრიეს საზოგადოებრივი თანმიმდევრულობა, აღმოჩნდნენ საჭიროების წინაშე – თავად შეექმნათ ყოველივე ეს, ახლებური ფორმებით. ეს კი მტკივნეული პროცესია, რადგან ახლებური ფორმები ნელი და ნაკლებად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს რადიკალების მიერ დასახულ უტოპიაში.

  1. კონსერვატორებს დიდწილად სჯერად მოცემულობის პრინციპის

კონსერვატორები, წარულში მოღვაწე დიდ ადამიანებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ რომ თანამედროვეებს, ნაკლებად შეგვიძლია რაიმე განსაკუთრებულად დიადის აღმოჩენა, რაც მორალურ და პოლიტიკურ ასპექტებს ეხება. როგორც ბერკი აღნიშნავდა, ინდივიდი მეტად საეჭვოა, თუმცა ზოგადად ადამიანი, ბრძენი. პოლიტიკაში ძალიან სწორია გამოცდილებასა და პრეცედენტზე დაყრდნობა და იმ მოცელობის გათვალისწინება, რაც ადამიანმა წარსულის განმავლობაში შეიძინა. შესაბამისად, უმჯობესია გამოცდილებაზე დაყრდნობა, ვიდრე პირადირა ციონალურობის ძიება.

  1. კონსერვატორი თავისი წინდახედულობის პრინციპს მიჰყვება.

ედმუნდ ბერკი ეთანხმება პლატონს, როდესაც მსჯელობს, რომ სახელმწიფო მოღვაწეს ღირსებასთან ერთად, წინდახედულება სჭირდება. ნებისმიერი საზოგადო მოვლენა უნდა გადაწყდეს მისი შედეგების გრძელვადიან პერსპექტივაში და არა დროებითი უპირატესობისა თუ თავის გამოჩენისთვის. თანამედროვე ლიბერალები და რადიკალები წინდაუხედავები არიან, ისინი რისკების გაუცნობიერებლად მიისწრაფიან მიზნებისაკენ. კონსერვატორი შედეგების კარგად აწონვის შემდეგ მოქმედებს, რამეთუ უცაბედი და რადიკალური რეფორმა ისეთივე სახიფათოა, როგორც სწრაფი ქირურგიული ოპერაცია.

  1. კონსერვატორი განსხვავებულობის პრინციპს აქცევს ყურადღებას.

ჯანსაღი ნაირგვარობისათვის, საზოგადოებაში კლასების, მატერიალურ მდგომარეობაში განსხვავებულობისა და სხვაგვარი უთანასწორობების შენარჩუნება მნიშვნელოვანია. თანასწორობის ერთადერთი სწორი ფორმა, კანონის წინაშე თანასწორობაა. თუკი ბუნებრივი და ინსტიტუციური ცვლილებები მოისპობა, ამით გზა გაეხსნება ტირანს ან ოლიგარქს, რომელიც ახალი სახის, თავისთვის სასარგებლო უთანასწორობას შექმნის.

  1. კონსერვატორი არასდროს მიიჩნევს თავს სრულყოფილად

იმის გამო, რომ ადამიანი არასრულყოფილია, იგი იდეალურ სოციალურ წესრიგს ვერ შექმნის. რისი შექმნაც შეგვიძლია, ეს არის მოწესრიგებული, სამართლიანი, თავისუფალი საზოგადოება, რომელშიც ბოროტება და უსამართლობა იქნება დათრგუნული. წინდახედული რეფორმებით, ტოლერანტული საზოგადოების შენარჩუნება და გაუმჯობესებაა შესაძლებელი. თუმცა თუკი საზოგადოების მორალურ საფუძველს არ გავითვალისწინებთ, ანარქისტულ იმპულსებს გავუხსნით ასპარეზს. იდეოლოგებმა, რომლებიც სრულყოფილ ადამიანსა და საზოგადოებაზე საუბრობდნენ, პირადად გაუხსნეს გზა მე-20 საუკუნეში მიწიერი ჯოჯოხეთის შექმნას.

  1. კონსერვატორებს სჯერათ, რომ თავისუფლება და საკუთრება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან

გამოყავით საკუთრება ადამიანის უფლებებისგან და ნახავთ, რომ ლევიათანი ყველაფრის ბატონ-პატრონი გახდება. სწორედ საკუთრების ფუნდამენტზე დგანან დიადი ცივილიზაციები. რაც უფრო ფართო გასაქანი აქვს საკუთრებასა და მფლობელობას, მით უფრო ძლიერია საზოგადოება. საკუთრება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კულტურის გაძლიერებისთვის, თავისუფალი მოქმედებისა და ფიქრისთვის. იგი საკუთარი შრომის ნაყოფის მიღების გამოხატულებაა. კონსერვატორი აცნობიერებს, რომ საკუთრება წარმოშობს ერთგვარ პასუხისმგებლობას მესაკუთრისთვის, რომელიც ამ მორალურ-სამართლებრივ მოვალეობას მხნედ იღებს.

  1. კონსერვატორი მხარს უჭერს მოხალისეობრივ/ნებაყოფლობით გაერთიანებებს.

დაწინაურებულ საზოგადოებებში, გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენს პიროვნებებზე, მიიღება ადგილობრივ და მოხალისეობრივ დონეზე. მსგავსი ფუნქციები ენიჭება ადგილობრივ პოლიტიკურ ჯგუფებს ან კერძო ასოციაციებს. რაც უფრო ადგილობრივი და მცირე ჯგუფი ახერხებს ყოველივე ამის ორგანიზებას, მით უფრო ჯანსაღია საზოგადოება. თუმცა, როდესაც მართვის ძირითადი ფუნქციები ცენტრს გადაეცემა, საზოგადოებას სერიოზული საფრთხე ექმნება. ცენტრალური ადმინისტრაცია, საჯარო მოხელეები, როგორი კარგად მომზადებულნიც უნდა იყვნენ, ისინი მაინც ვერ უზრუნველყოფენ პრობლემების საკმარისად კარგად მოგვარებას, სამართლიანობისა და კეთილდღეობის შესაქმნელად.

  1. კონსერვატორი აცნობიერებს ადამიანისა და ხელისუფლების მიმართ შეკავების მექანიზმების აუცილებლობას

პოლიტიკურად, ძალაუფლება ნიშნავს საკუთარი სურვილისამებრ საქმის კეთებას, მიმდევართა თანხმობის გაუთვალისწინებლად. სახელმწიფო, რომელშიც ინდივიდი ან მცირე ჯგუფი დომინირებს მისი მიმდევრების სურვილზე, არის დესპოტიზმის გამოხატულება, მნიშვნელობა არ აქვს საქმე მონარქიას ეხება, არისტოკრატიას თუ დემოკრატიას. ხოლო როცა ყველა ადამიანი საკუთარ თავს სუვერენად აცხადებს, იქმნება ანარქია. ანარქია დიდხანს ვერასდროს ძლებს, რადგან ყოველთვის აღმოჩნდება ერთი ადამიანი მეორეზე ჭკვიანი, ან მოხერხებული. შედეგად, ანარქია გზას უხსნის ტირანიას ან ოლიგარქიას, სადაც ძალაუფლება, მონოპოლიზებულია მცირე ჯგუფის ხელში.

კონსერვატორი ცდილობს ისე დააბალანსოს პოლიტიკური ძალაუფლება, რომ ხელი შეუშალოს ტირანიისა და არისტოკრატიის ჩამოყალიბებას. ისტორიის ყველა ნაწილში, ადამიანები ამ დამბალანსებელი შეზღუდვების ჩამოშორებას ცდილობდნენ, დროებითი უპირატესობის მოსაპოვებლად. მსგავსი რამ რადიკალებს ახასიათებთ, რომელბსაც, დაუბალანსებელი  ძალაუფლება კეთილი საქმის კეთების შესაძლებლობად მიაჩნიათ. თავისუფლების სახელით, ფრანგმა და რუსმა რევოლუციონერებმა ძალაფლების ყოველგვარი შემაკავებელი მოშალეს და ის თავისთვის მიითვისეს. თუმცა, ძალაუფლება, რომელიც მათ ხელში გადავიდა, უფრო მეტად დესპოტური აღმოჩნდა, ვიდრე ძველი, უკვე შეცვლილი რეჟიმის დროს იყო.

ადამიანური ბუნების ორმხრივობაში დარწმუნებული, კონსერვატორი პოლიტიკური ძალაუფლების მიმართ ნდობით არ გამოირჩევა. კოსნტიტუციური შეკავება-გაწონასწორების მექანიზმი, კანონის ადეკვატურად აღსრულება, ძალაუფლების შეზღუდვების საშუალებები, არის ის, რასაც კონსერვატორი მიესალმება, თავისუფლებისა და წესრიგის შენარჩუნებისთვის.

  1. კონსერვატორი საზოგადოების ძირითად მახასიათებლებლად ცნობს მუდმივობასა და ცვლილებას.

კონსერვატორი სოციალური გაუმჯობესების წინააღმდეგი არ არის. თუმცა, როდესაც საზოგადოება ზოგიერთი კუთხით პროგრესირებს, ამავდროულად კარგავს კიდეც რაიმეს. როგორც სამუელ ტეილორ კოლრიჯი ამბობდა, მუდმივობა და პროგრესულობა ჯანსაღი საზოადოების წინაპირობაა. მუდმივობა სტაბილურობისა და განგრძობადობის შენარჩუნებას ემსახურება, მის გარეშე, სოციუმს ანარქია ემუქრება. ხოლო პროგრესი აძლევს ჩვენს ნიჭსა და ტალანტს შესაძლებლობას, რომ წინდახედული რეფორმები შეიმუშაოს, რათა ხალხი სტაგნაციის წინაშე არ დადგეს.

ამ იდეისგან განსხვავებით, ლიბერალები და რადიკალები ივიწყებენ მუდმივობის მომენტს და „მიწიერი სამოთხის“ სწრაფად შექმნისკენ იჩქარიან. ცვლილება სოციალური სტრუქტურისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანის სხეულისთვის. თუკი სხეულში თვითგანახლება არ მიმდინარეობს, იგი კვდომას იწყებს. თუმცა, თუკი განახლება/ცვლილება ზედმეტად ჩქარა ხდება, იგი კიბოსა და სხვა გართულებებს წარმოშობს. კონსერვატორი კი სწორედ ასეთი რადიკალური განახლებების მოწინააღმდეგედ გვევილენა.

ეს არის ის 10 პრინციპი, რომელიც კონსერვატიზმის ორსაუკუნოვანი განახლების პირობებში გამოიკვეთა. ცხადია, საუბარი შეიძლება სამართლის, განათლების სისტემის და სხვა გამოწვევებზე, მაგრამ, მოდით ისინი კერძო შეფასების საგნად დავტოვოთ.

სტატია ეყრდნობა რასელ კირკის 1993 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომს, The Politics of Prudence.