ბოლო წლების განმავლობაში უიშვიათესია ისეთი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოვლენა, რომლის გარშემო ერთიანობაც ქართული საზოგადოებისთვის მეტნაკლებად მაინც მარტივია ხოლმე. ასეთ ერთიანობას უკანასკნელად ადგილი ალბათ 2019 წლის 20 ივნისს ჰქონდა, ხოლო დღეისთვის, ერთგვარი გამაერთიანებელი, რიონის ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლაა.

ყველას მოგვეხსენება, რომ ერთ წელზე მეტია, რაც ადგილობრივი მცხოვრებლები კარვებში ღამის თევით გამოხატავენ პროტესტს კომპანია “ენკას” მიერ რიონის ხეობაში დაწყებული სამშენებლო სამუშაოების მიმართ. პროტესტის ეს სახე დღეს უფრო მასშტაბური ფორმით გამოვლინდა.

უნდა ითქვას, აღნიშნულს გამოახმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, რომლებიც მეტწილად მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებებით გამოირჩევიან როგორც ადამიანის, ასევე ეკონომიკური უფლების გარშემო შეხედულებების თვალსაზრისით. თუმცა, პროტესტის ძირითადი ტალღა მაინც წარმოიქმნა როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების, ისე ხეობის გარეთ მცხოვრები საშუალო სტატისტიკური მოქალაქეების მეშვეობით, რომელთათვისაც, მიწისა და ბუნებრივი რესურსების გასხვისება, განსაკუთრებით უცხოური კომპანიების მიმართ, ყოველთვის იყო და რჩება სენსიტიურ გარემოებად.

აქედან გამომდინარე, ნამოხვანჰესის პროექტი ნამდვილად იქცა ზეიდეოლოგიურ მომენტად, რომელმაც სხვადასხვა პოლიტიკური ფლანგები ერთი მიზნისთვის გააერთიანა.

თუმცა, საქართველოში ჰესიც არაერთი აშენებული და მიწაც მრავალი ასეული ჰექტარი გასხვისებულა როგორც უცხოური კომპანიების, ასევე კერძო პირების მიმართ. აქედან გამომდინარე, როგორც ბევრმა ჩათვალა, პრობლემის სათავე არა ქსენოფობიაში, არამედ მოსახლეობასთან არასწორ კომუნიკაციაში უნდა ვეძებოთ.

წარმოიდგინეთ ვითარება, რომ საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ენკას” სწორი კომუნიკაცია ეწარმოებინათ, ადგილობრივებთან ერთად შეთანხმებულიყო მათთვის მეტნაკლებად ხელსაყრელი პირობები და მასშტაბებიც შედარებით შემცირებულიყო. ასეთ შემთხვევაში, ალბათ საკითხი რეგიონის ფარგლებს არ გასცდებოდა და პროექტის შესახებ მხოლოდ ინფორმაციულ დონეზე შევიტყობდით. თუმცა, ყოველივე ზ/აღნიშნულის ნაკლებობის პირობებში, შედეგად მივიღეთ აღელვებული ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც, მხარი აუბა ბევრმა საქართველოს მოქალაქემ, რომელთათვისაც კერძო საკუთრება და ქვეყნის ეკოლოგია, მტკივნეულ თემებს აშკარად წარმოადგენს.

როგორც ბლოგის ავტორმა პირადი მოსაზრებაც რომ გამოვხატო, ჰესების მშნებლობას ნამდვილად ვთვლი ენერგო დამოუკიდებლობის და ეკონომიკის გაჯანსაღების ერთ-ერთ გზად და ამასთან, კითვების დასმის გარეშე არც განახლებად ენერგიაზე მარტივად გადასვლის არგუმენტებს ვიზიარებ. თუმცა, როგორც ჩანს, “ნამოხვანის” პროექტის გარშემო, მისკომუნიკაციის გარდა, არსებობს როგორც ეკოლოგიური, ასევე ხელშეკრულების პრობლემაც.

ასე მაგალითად, საქართველოს “დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების ინსტიტუტის” ხელმძღვანელის მოსაზრებით, “პროექტში ბუნებრივი რისკები შესწავლილი არ არის არც კომპანია “ენკას” და ასევე, არც მისი წინამორბედი ნორვეგიული კომპანიის მიერ. კონკრეტულად, აღნიშნული პროექტი გათვლილია 178-ჯერ ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზე”. 

გარდა ამისა, მედიის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტებიდან გამომდინარე, ცალსახად იკვეთება კორუფციული გარიგებების რისკები, რამდენადაც, არსებობს თურქულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების კაბალურობის წინაპირობა.

  • კერძოდ, საქართველოს მთავრობამ კომპანიაზე 121 ლარად გაასხვისა 2 937 648 კვ.მ. ფართობი (აქედან ტყის ფართობი არის 1 535 975 კვ.მ.);
  • ხოლო 99 წლით სარგებლობის უფლებით წლიურ 16 ლარად გადასცა,  – 2 818 654 კვ.მ. მიწის ფართობი (აქედან ტყე – 445 245 კვ.მ.)
ფოტოსურათი არის საჯარო, პირველად გამოქვეყნდა ონლაინ მედიაში “პუბლიკა”

ამას გარდა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სავარაუდოდ, კომპანიისა ან/და საქართველოს მთავრობის დავალებით, მიმდინარეობს ერთგვარი PR კამპანია, რაც საზოგადოებრივი აზრის პროექტის სასარგებლოდ ცვლილებისკენ არის მიმართული. აღნიშნული კამპანიის ფორმალურ ნაკლოვანებებს რომ თავი დავანებოთ, მისი შინაარსი იმდენად არასწორადაა ორგანიზებული, რომ ფაქტობრივად კიდევ უფრო უარყოფითად განაწყობს მსმენელს.

მაგალითად, კამპანიის მონაწილე აცხადებს, რომ ადგილობრივების საკუთრებას არავინ შეეხება და არავინ დააზიანებს. საინტერესოა რას გულისხმობს მთხობელი საკუთრების არდაზიანებაში, როდესაც, ისედაც მცირე მოცულობის დასახლებაში, მათ დამატებით 575 ჰა ფართობზე აეკრძალებათ წვდომა და მეტიც, ამ ტერიტორიას საერთოდაც შეეცვლება დანიშნულება.

თუმცა, აღნიშნული მოსაზრება არასწორი ურთიერთობების მხოლოდ უმნიშვნელო გამოხატულებაა. ძირითადი მაგალითები ზემოთ მოყვანილ ხელშეკრულების პირობებში დევს, რომელმაც, ამ პირობებისგან დამცირებულ თუ უგულებელყოფილ ადამიანებში ჰპოვა გამოხმაურება.