გიორგი კოტრიკაძე,
კავკასიის უნივერსიტეტი

 

პანდემიის დროს ქართულ სოციალურ სივრცეში ბევრჯერ შემხვდა ტერმინი „ტერორიზმი“. მეც ყურადღება გავამახვილე და გადავწყვიტე დავკვირვებოდი რა ფაქტებს აღწერდნენ ამ ტერმინით. აღმოჩნდა, რომ მეტწილად ტერორიზმი მოვლენის განსაკუთრებული სიმძიმის ან საკითხის ამორალურობის და მიუღებლობის გამოსახატად გამოიყენებოდა. შესაბამისად, ამ ეპითეტით, როგორც წესი საპატრიარქოს და იმ ადამიანებს მოიხსენიებდნენ, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის და ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მიუხედავად აპირებდნენ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას.

ნახავდით ტერმინის უამრავ ნაირსახეობას: „რელიგიური ტერორიზმი“, „სამედიცინო ტერორიზმი“, „ბიოლოგიური ტერორიზმი“, „პოლიტიკური ტერორიზმი“ და ა.შ. ტერმინს შევხვდებოდით, როგორც სოციალურ ქსელებში კომენტარების სახით, ასევე სატელევიზიო ეთერიდან. ტენდენციას არ ჩამორჩნენ პოლიტიკოსები, როგორც მთავრობის ისე ოპოზიციის მხრიდან. მაგალითად, პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ დაავადების დამალვას „სამედიცინო ტერორიზმი“ უწოდა. ევროპული საქართველოს წევრმა გიგა ბოკერიამ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან დებატში რწმენის თავისუფლებაზე მსჯელობისას, მისივე თქმით უტრირებული თუმცა მაინც უადგილო მაგალითი მოიყვანა. მაგალითი ეხებოდა იაპონიაში მოქმედი რელიგიური კულტის „ომ შინრიკოს“ (Aum Shinrikyo) მიერ 1995 წელს, ტოკიოს მეტროში მოწყობილ ტერორისტულ აქტს, რომელშიც პირველად მოხდა ქიმიური იარაღის გამოყენება და რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა და კიდევ უფრო მეტი მძიმედ დაშავდა.

პრობლემა ის არის, რომ ტერმინი „ტერორისტი“ ეპითეტი არ არის. ეს არის პოლიტიკური ძალადობის ფორმა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა აერთიანებს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას. სახელმწიფოებრივ დონეზე ტერორიზმი განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულია. ტერმინს იმდენად ნეგატიური მნიშვნელობა აქვს, რომ დიდია ცდუნება მისი ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებისა და ამ ტერმინის ეპითეტად გადაქცევისა, რაც პრინციპულად მიუღებელი და დაუშვებელია.

ზოგადად ტერორიზმის ეპითეტად ქცევის, საკითხის უტრირებისა და სტიგმატიზებისათვის გამოყენება საერთაშორისო პრობლემაა, რომელიც ახალი ფენომენი არ არის. ტერმინით მანიპულაციის საშუალებას იძლევა ის გარემოებაც, რომ საყოველთაოდ აღიარებული განმარტება არ არსებობს. საყოველთაო დეფინიციის დადგენის სირთულეს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს და ერთ-ერთი არის ზოგიერთი სახელმწიფოს სურვილი ტერმინი გავრცელდეს ისეთ ჯგუფებზე, რომლებიც მიუღებელია ამა თუ იმ ქვეყნისთვის შიდა პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ამიტომაც სხვადასახვა სახელმწიფო განსხვავებულ განმარტებას იყენებს. მერიკ იამამოტოს (M. Merrick Yamamoto) აზრით, „სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მკვლევარები იყენებენ განსხვავებულ განმარტებებს, რომელთა დიდი ნაწილი არაზუსტი, წინააღმდეგობრივი, ბუნდოვანი და დამაბნეველია“.

მიუხედავად ასეთი განსხვავებული მიდგომებისა, ცივილიზებული სამყარო მაინც ზოგადი კონცეპტუალური განმარტებით სარგებლობს, რომელიც ტერორიზმისთვის მეტნაკლებად აღიარებული მახასიათებლების ერთობლიობით მიიღება. ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ პოლიტოლოგის და ტერორიზმის მკვლევარის ალექს შმიტის (A. P. Schmid) ცნობილ ნაშრომს, სადაც მან იმ დროისათვის არსებულ თითქმის ყველა, არსებულ დეფინიციას გამოიკვლია და გამოყო ტერორიზმის შემადგენელი ელემენტები. ესენია, „ძალადობა და/ან მუქარა, პოლიტიკური ხასიათი, დაშინება ანუ ტერორი, მესამე პირებზე ზემოქმედება“

ასევე ილუსტრაციისთვის გამოვიყენოთ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის (DOD) განმარტება:

ტერორიზმი არის ძალადობის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება ან გამოყენების მუქარა, მოტივირებული რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა იდეოლოგიური რწმენით, მთავრობის და საზოგადოების დაშინებით და იძულებით მიაღწიონ სასურველ მიზანს, რომელიც ძირითადად პოლიტიკურია“

აქვე ვნახოთ, რა განმარტებას გვთავაზობს საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ: ტერორიზმი – „ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა, მიმართული ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, კომუნიკაციების და სხვა მატერიალური ობიექტების განადგურება-დაზიანების მუქარა იარაღის, ასაფეთქებელი მასალების, ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური თუ სხვა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სასიშიში ნივთიერების გამოყენებით ან ადამიანის გატაცებითა თუ მძევლად აყვანით, რათა ხელისუფლება ანდა მისი რომელიმე ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაცია იძულებული გახდეს, განახორციელოს გარკვეული ქმედება ან თავი შეიკავოს გარკვეული ქმედების განხორციელებისგან, რომელიც ტერორისტების მართლსაწინააღმდგეგო ინტერესებში შედის.“

ალექს შმიტის მიერ გამოყოფილი ელემენტების მიხედვით და მოცემული ორ სხვადასხვა სახელმწიფოს ორგანოების განმარტებაზე დაყრდნობით ნათლად იკვეთება, რომ ტერორიზმისთვის დამახასიათებელი და აუცილებელი პირობაა ძალადობა და/ან ძალადობის გამოყენების მუქარა, შესაბამისად მცდარი და უსამართლოა ისეთი მოვლენების ტერორიზმად შერაცხვა, რომელთა ხასიათი არ არის ძალადობრივი.

მაგალითისთვის განვიხილოთ „სამედიცინო ტერორიზმად“ შერაცხული შემთხვევა. შეიცავს თუ არა ადამიანის მხრიდან დაავადების (COVID-19) სიმპტომების დამალვა ტერორიზმის ელემენტებს? არის თუ არა ტერორისტი დაავადების შესაძლო მატარებელი პიროვნება, რომელიც სიმპტომებს მალავს? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ასეთი შემთხვევა რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. კერძოდ, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება და ისჯება 247-ე მუხლით და არა იმავე კოდექსის XXXVIII თავით, რაც ტერორიზმს ცალკე არეგულირებს. ამას გარდა, დაავადების სიმპტომების დამალვა არ შეიცავს ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ, ალექს შმიტის მიერ გამოყოფილ ტერორიზმის შემადგენელ არც ერთ ელემენტს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცემულ მაგალითში ტერმინ „სამედიცინო ტერორიზმს“ არაფერი აქვს საერთო რელურ მნიშვნელობასთან და იგი ემსახურებოდა დაავადების სიმპტომების დამალვის სტიგმატიზებას, უმძიმეს დანაშაულთან ასოცირებას.

რამდენად მიზანშეწონილია პანდემიის პერიოდში საპატრიარქოსა და მრევლის მოქმედების აღმსარებლობის თავისუფლების პრიზმაში განხილვისას „ომ შინრიკოს“ (Aum Shinrikyo) კულტის მაგალითი?

„ომ შინრიკოს“ (Aum Shinrikyo) კულტის მოქმედების აღმსარებლობის თავისუფლებით დაცული სფეროდან ჯერ კიდევ 1989 წელს გავიდა, როცა კულტის ლიდერის დაკვეთით ყოფილი წევრი მოკლეს. იმავე წელს მოკლეს ცუცუმი საკამოტოც (Tsutsumi Sakamoto), რომელიც კულტის წინააღმდეგ საჩივრებს ადვოკატირებდა. კულტის პოლიტიკური მოტივები ცალსახა და ნათელი გახდა, როცა 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ომ შინრიკოს“ 24-მა წევრმა იყარა კენჭი. სწორედ არჩევნებში დამარცხების შემდეგ გადაწყდა ძალადობრივი რევოლუცია და კულტის ლიდერებისგან დაკომპლექტებული ჩრდილოვანი კაბინეტიც კი შეიქმნა. კულტის ლიდერმა შოკო ასაჰარამ (Shoko Asahara) „იწინასწარმეტყველა“, რომ კულტზე მოხდებოდა თავდასხვა ქიმიური იარაღით, 1995, 1997 ან 1999 წელს. სწორედ ამ იარაღის მოსაპოვებლად საჭირო თანხების მოძიების მიზნით ჩაება კულტი ნარკოტიკებით ვაჭრობაში „იაკუძასთან“. კულტის მიზანი იყო არმაგედონის პროვოცირება, სარინის გაზის გავრცელებით ამერიკასა და იაპონიაში, შემდეგ იმპერატორის მკვლელობა, ტახტის დაკავება და რუსეთის დამარცხება.

1995 წელს ტოკიოს მეტროში პიკის საათისას შინრიკოს კულტის წევრებმა არმაგედონის დასაწყებად სარინის გაზი გაუშვეს. მსხვერპლი ბევრად დიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გეგმა ჩაიშალა რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა 29 ადამიანი, ხოლო 6000 ზე მეტი მოიწამლა ან დაშავდა. კულტის 127 წევრი გასამართლდა ხოლო 13 მათგანს ასაჰარას ჩათვლით იაპონიის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

„ომ შინრიკოს“ კულტის მოქმედებში გარკვევით ჩანს ალექს შმიტის მიერ გამოყოფილი ტერორიზმის კომპონენტები. გვხვდება მძიმე ძალადობა, ტერორი, მესამე პირებზე ზემოქმედება და პოლიტიკური მიზანი. ასევე ზემოთ მოყვანილი ორივე განმარტების მიხედვით კულტის მოქმედება შეფასდება ტერორიზმად.

მიუხედავად იმისა ვეთანხმებით თუ არა საპატრიარქოს გადაწყვეტილებას არ შეეცვალა ზიარების წესი, მისი მოქმედება მოკლებულია ძალადობას და/ან ძალის გამოყენების მუქარას. ასევე არ ჩანს პოლიტიკური მიზანი. გამომდინარე აქედან სრულიად უადგილო და შეუსაბამოა „ომ შინრიკოს“ აპოკალიპტური ტერორისტული კულტის მოქმედების რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების ჭრილში განხილვა.

შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ ტერორიზმი არის საეთაშორისო მასშტაბის პრობლემა, რომელსაც არ გააჩნია ტერიტორიული, კულტურული თუ ეთნიკური საზღვრები. მიუხედავად დეფინიციის განსხვავებული ინტერპრეტაციისა, ტერორიზმის საფრთხე არ იკლებს. პირიქით, რაც მეტად გამოვიყენებთ ტერმინს უმიზნოდ და შეუსაბამოდ, მით უფრო ბუნდოვანი გახდება მისი მნიშვნელობა, რაც ცალსახად გაართულებს ტერორორისტული დაჯგუფებებისა თუ მათი საქმიანობის ზუსტ, სწრაფ და სამართლიან შეფასებას. და ბოლოს, არ უნდა დავივიწყოთ მსგავსი დახასიათების მორალურად უარყოფითი გავლენა, რასაც ჩვენი საზოგადოების წევრების მარგინალიზება მოჰყვება შედეგად.