ბევრი წერს მინეაპოლისის შემთხვევის თანმდევ პროტესტზე. ზოგი ნიშნის მოგებით, ზოგს კი მართლაც ედარდება. ამერიკა ხომ დიდი ხანია მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი პრეცედენტების სამშობლოა?! ამიტომ, იგი ბუნებრივ ყურადღებას იპყრობს ცივილიზებული სამყაროს ყველა ნაწილიდან.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ ამერიკის დამოუკიდებლობის ჩანასახში ნათქვამი ჯონ ადამსის ფრაზა, რომ „ამერიკა ყველა თავისუფლების მოყვარე ადამიანის სამყოფელ ბასტიონად იქცევა“, ბევრს დღემდე გულზე ხვდება, რის გამოც, მსჯელობის ასეთი მრავალფეროვნება გასაკვირი ნაკლებადაა.

ჩანს, რომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, თითქოს ათწლეულების განმავლობაში შენახულმა ბრაზმა იფეთქა. თუმცა ხაზი უნდა გავუსვა, რომ პროტესტი მალევე გასცდა ერთი ადამიანის თემატიკას და გადაიზარდა ე.წ. „სოციალური სამართლიანობის“ ზოგად აქციაში, ანარქიისა და რადიკალიზმის გამოვლინებებით. ვეცადოთ დავადგინოთ, რა გახდა პროტესტის ფორმის ასეთი ცვლილების მიზეზი.

ტერენს ფლოიდი, თავისი ძმის მემორიალთან

უნდა ითქვას, რომ ასეთი სახის თავდასხმა, შეუიარაღებელ ადამიანებზე ბოლო წლების განმავლობაში პირველად არ მომხდარა. 2014 წლის აგვისტოში, პოლიციელმა ესროლა 18 წლის მაიკლ ბრაუნს, რასაც ასევე ფართომასშტაბიანი პროტესტი და გამოსვლები მოჰყვა, თუმცა, დღევანდელთან შედარებით, მშვიდობიანი ფორმებით.

იმის გამო, რომ პროტესტს აშკარად ახლავს თან რასობრივი თემატიკა, ვფიქრობ ასევე უნდა გავიხსენოთ 2015 წლის ივნისში, ჩარლსტონის ტაძრის თავდასხმა, რასაც ცხრა შავკანიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რის გამოც, თავდამსხმელ დილან რუფს სიკვდილით დასჯა აქვს შეფარდებული.

ამრიკელებისთვის კარგად ცნობილი პროტესტის უფლება, ჯერ კიდევ ინგლისელი განმანათლებლების მიერ ჩაისახა, რომელთა აზრით, ხალხი უფლებამოსილია შეცვალოს უსამართლო მმართელი, თუკი იგი მასობრივად არღვევს მათ უფლებებს. თუმცა, ამერიკული დემოკრატიის ისტორიაში, ბრიტანელების განდევნის შემდგომ, მსგავს რადიკალურ ცვლილებას ადგილი არ ჰქონია და ყოველი ადმინისტრაცია თუ პოლიტიკური მოძრაობა, მორიგი არჩევნების შედეგად, მშვიდობიანად იცვლება. ეს ტრადიცია 1789 წლის შემდეგ უცვლელია.

თუმცა, თუკი იმავე დემოკრატიის ტრადიციას გავყვებით, შეერთებულ შტატებში, პროტესტს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სოციალური ცვლილებების თვალსაზრისით. მაგალითად, ასეთი იყო მუშათა მწვავე გამოსვლები მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქალთა გამოსვლები საარჩევნო ხმის უფლების მიღების მიზნით, 1950-იან წლებში დაწყებული სეგრეგაციის საწინააღმდეგო მოძრაობა, რასაც მოჰყვა კიდეც შედეგად 1964 წლის ჯონსონის „დიადი საზოგადოება“ და ბევრი სხვა. თუმცა, ალბათ ყველას გვახსოვს, როგორ მიუძღვის აქციის წინა პლანზე მიმავალი მარტინ ლუთერ კინგი მშვიდობიან დემონსტრანტებს, რასაც ამჟამინდელ ვანდალიზმს ნამდვილად ვერ შევადარებთ.

მარტინ ლუთერ კინგი ხელმძღვანელობს მშვიდობიან პროტესტს, 1965 წ.

კვლავ დამფუძნებელი მამების მიერ განჭვრეტილ ამერიკას თუ დავუბრუნდებით, მათ მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და კონსტიტუციის მიღების ძირითადი მიზანს, სიცოცხლის, საკუთრების დაცვა, ტირანიის შეზღუდვა და ზოგადად, კეთილდღეობის მოპოვება წარმოადგენდა. სიცოცხლის და საკუთრების დაცვა, სახელმწიფოს საშუალებით, ადამიანს მეორე ადამიანისგან ან ტირანისგან უნდა შეძლებოდა. სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფი ჯერ კიდევ ამერიკის კონსტიტუციის მიღებისას ხშირად აყენებდა ეჭვქვეშ სახელმწიფოს იდეის აუცილებლობას, თუმცა, დღევანდელი ანარქისტული გამოვლინებები საუკეთესო მაგალითია იმის, თუ რამდენად სახიფათოა ვნებებითა და ემოციებით შეპყრობილი ხალხი, შემაკავებელი მექანიზმების გარეშე.

არც ის არის შემთხვევითი, რომ მათი რბევის მთავარი სამიზნე, სწორედ კერძო საკუთრება და იმ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა რომლებიც, დაპირპისპირების მომენტებში დასახიჩვრდნენ და არაერთი დაიღუპა კიდეც. რატომ ირჩევს რადიკალი მანიფესტანტი განადგურებისთვის კერძო საკუთრებას?

ვფიქრობ ამაზე პასუხი ზ/ხსენებულ „სოციალურ სამართლიანობაში“ უნდა ვეძებოთ და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ პროტესტი დიდი ხანია გასცდა ერთი ადამიანის თემატიკას, რამაც ჯორჯ ფლოიდის საქმისგან სრულიად განყენებული, პირადი თუ სოციალური საკითხები გამოაღვიძა. 2014-15 წლებში მომხდარი ფაქტები შემთხვევით არ მიხსენებია. რეალურად, წინა ორი შემთხვევაც საშინელი უსამართლობის და გაუმართლებელი ძალადობის დემონსტრირება იყო, თუმცა იმ დროისათვის პროტესტის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა სხვადასხვა ლოზუნგებით მოხერხდა, რასაც, როგორც ჩანს დემონსტრაციების ორგანიზატორები დღეისათვის არ აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ აქციებზე ისმის ანარქო-კომუნიზმისთვის დამახასიათებელი ისეთი შეძახილები, როგორიცაა „შეჭამეთ მდიდრები“, „დახოცეთ მდიდრები“. მეტიც, ამ შეძახილებით მანიფესტანტებმა ერთგვარი კულტურულ-საზოგადოებრივი ელიტის, ე.წ. სელებრითების სამეზობლოები, ბევერლი ჰილზი და ჰოლივუდიც კი დაარბიეს, რაც მდიდარი ამერიკელების წინააღმდეგ აშკარა თავდახმის დემონსტიტრებაა.

წარწერა კედელზე, “თქვენთანაც მოვალთ”

ამ ყველაფერს იქამდე მივყავართ, რომ ამერიკას აშკარად დაასვა დაღი პანდემიის თანმდევმა უმუშევრობამ, იქნებ სოციალურმა გაჭირვებამაც კი, რასაც საშუალო და მაღალი კლასის მიმართ რადიკალური პროტესტი, საკუთრების განადგურება და ქუჩების რბევა მოჰყვა თან. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას სწორედ ის მაძლევს, რომ ფინანსურად შედარებით გამართულ ამერიკაში, სულ რამდენიმე წლის წინ, სოციალურ მღელვარებას ასეთი მასშტაბები არ მიუღია. დღეს, თითქოს მანიფესტანტებს ცოტა რამ აქვთ დასაკარგი. ამას დავუმატოთ უკვე გახმაურებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ პროტესტის გამძფრებაზე გარე ძალებიც ზემოქმედებენ, რომელთა ინტერესში, დასუსტებული ამერიკელი მოქალაქე და თავგზააბნეული მთავრობა, ნამდვილად შედის.

სინამდვილეში, პროტესტის ასეთი სახე, დაბალგანვითარებული სახელმწიფოების მახასიათებელია, რისი არაერთი მაგალითი, მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში იყო სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში, მემარცხენე ტერორისტული დაჯგუფებები დღემდე მოქმედებენ.

ზოგადად, უზრუნველყოფილ და ფინანსურად გამართულ საზოგადოებებში, პროტესტის ასეთი ფორმები მოულოდნელი და იშვიათია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მწვავე რადიკალიზმის მიზეზები, სწორედ პოსტკრიზისულ, შედარებით გაღარიბებულ სოციუმში უნდა ვეძებოთ.