ყველაფერი კვლავ საარჩევნო თემატიკით დაიწყო…

ყველასთვის ცნობილი ვირუსული ინფექციის გამო დაისვა კითხვა, ხომ არ შეიძლება არჩევნების ჩატარება საარჩევნო უბნებზე გამოუცხადებლად, ელექტრონულად, მეილის გამოყენებით? ამაზე, პრეზიდენტ ტრამპის რეაქცია მწვავე იყო. ის მიიჩნევს, რომ უბნებზე უშუალოდ გამოუცხადებლობა, თაღლითობის საფრთხეს გაზრდის და არჩევნების შედეგებზე უარყოფითად იმოქმედებს.

შეუძლებელია, რომ მეილის საშუალებით ხმის მიცემა თაღლითურად არ იქნას გამოყენებული. არსებობს რისკი მათი დატაცების, უკანონოდ ბეჭდვისა და ხელმოწერის დართვის…

როგორც თვითერის განცხადების ქვემოთ ხედავთ, მას დართული აქვს „ფაქტების შემოწმების“ ღილაკი, რომელზე გადასვლის დროსაც, მომხმარებელი პოსტთან დაკავშირებულ ინფორმაციას იღებს, თუმცა განსხვავებული წყაროებიდან. ჩვეულებრივ, თვითერზე განთავსებულ სიახლეს, მსგავსი ღილაკი არ ახლავს.

თეთრი სახლის მხრიდან ზომების მიღება, სწორედ ამ ღილაკის განცხადების ქვეშ დართვას მოჰყვა… გავეცნოთ, რას გულისხმობს და რას ცვლის ახალი ბრძანება.

1996 წლის „კომუნიკაციის სისწორის აქტის“ 230-ე ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა სახის შეზღუდვები ვრცელდება ინტერნეტ მედიაზე, რათა გამომცემლებმა საფრთხე არ შეუქმნან სიტყვის თავისუფლებას. ახალი ბრძანებით, ტრამპი ავრცელებს მოწოდებას ამ აქტში ცვლილების შეტანაზე და მიუთითებს, რომ

„სოციალური მედია, რომელიც ჩართულია ცენზურასა და პოლიტიკურ მიკერძოებაში, არ უნდა იქნას გათავისუფლებული პასუხისმგებლობისგან.“

საქმე ის არის, რომ 1996 წელს მიღებული ზ/აღნიშნული კანონით, ინტერაქციული კომუნიკაციის სერვისი (Facebook, Twitter), თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, განსხვავებით ტრადიციული მედია გამოცემებისგან, ჟურნალ-გაზეთებისგან. ეს სერვისი დაცულია ყოველგვარი სარჩელისგან, თუკი მათ მოესურვებათ რაიმე სახის  ინფორმაციის დაბლოკვა თუ წაშლა, ისინი დამოუკიდებელნი არიან მოქმედებაში.

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანები, აქტივისტები იბლოკებიან იმ შემთხვევაშიც, თუკი სოციალური ქსელების მიერ წინასწარ დადგენილ წესებსა და პირობებს არ არღვევენ. ამიტომ ბრძანებით ტრამპი მოუწოდებს კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას, რომ დააკონკრეტოს ის შემთხვევები, როდესაც სუბიექტს სოციალური ქსელების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება.

საკითხის მოკლედ და მარტივად ახსნას შეეცადა ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო, რომელმაც აღნიშნა, რომ თუკი სოციალურ მედიას საგამომცემლო საქმიანობისთვის დამახასიათებელი როლის მორგება სურს, იგი აღარ უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და უნდა დაექვემდებაროს კანონს.

კანონი ჯერ კიდევ იცავს ისეთ სოციალურ მედიას, როგორიცაა თვითერი, რადგან იგი მიიჩნევა ფორუმად და არა გამომცემლად. თუმცა, თუკი მათ გადაწყვიტეს, რომ რედაქტორის როლი მოირგონ, აღარ უნდა გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან და კანონის მხრიდან განხილული იქნან, როგორც გამომცემლები.

აქედან გამომდინარე, ამ ბრძანების გაგება, როგორც სოციალურ მედიაზე თავდასხმა, ერთგვარად გადაჭარბებულია, რამდენადაც იგი ამ უკანასკნელის კანონის ფარგლებში დაქვემდებარებას ისახავს მიზნად და არა მის რაიმეგვარ სანქცირებას.

დონალდ ტრამპი საუბრობს მიკერძოებაზეც. თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ როდესაც წარომადგენელთა პალატის წევრი ადამ შიფი რუსეთთან დაკავშირებულ ამბებს ავრცელებდა, Twitter-ს მისთვის „ფაქტების შემოწმების“ ღილაკი არ მოუნიშნავს. შესაბამისად, როგორც ნათქვამია, ეს ბრძანება პოლიტიკური მიკერძოების არიდებას ისახავს მიზნად. [1]

მიმდინარე პროცესი უყურადღებოდ არ დაუტოვებია Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ზაკერბერგს, რომელმაც Fox News-თან ინტერვიუში ახსენა, რომ „სოციალური ქსელები სიმართლის არბიტრები არ უნდა იყვნენ“.[2]

თავის მხრივ, პოზიციის დაცვას ცდილობს Twitter-იც, რომლის დამფუძნებელიც თვლის, რომ ბლოკირება და ფაქტების შემოწმება, მხოლოდ დეზინფორმაციის თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება.

საკითხზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ Twitter-ის განსაკუთრებული როლი ტრამპის პოლიტიკური კარიერისთვის. მიუხედავად მისი პრეტენზიებისა, ფაქტია, რომ სოციალურმა ქსელებმა მას წარმატებისთვის მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია. ეს მაშინ, როდესაც მედია ძირითადად მის წინააღმდეგ იყო და თავად, სწორედ თვითერის მეშვეობით ახერხებდა ხალხთან უშუალო კომუნიკაციას.

სხვათა შორის, ეს ტენდენცია დღემდე მოქმედებს და მისი მხრიდან, რომელიმე სოციალური ქსელის დახურვაზე საუბარი ნამდვილად გადაჭარბებულია, თუმცა, ჩვენ მიერ განხილული ბრძანება, მათთვის დაფინანსების შეწყვეტას კი ნამდვილად ისახავს მიზნად.

[1] https://www.whitehouse.gov/presidential-actions/executive-order-preventing-online-censorship/

[2] https://www.foxnews.com/media/facebook-mark-zuckerberg-twitter-fact-checking-trump