როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა საქართველოს მთავრობას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოსთხოვა, დაისვა კითხვა, თუ რა ფორმით უნდა შესრულებული, ან საერთოდ უნდა შესრულებულიყო თუ არა ეს…

ჯიმ რიშის მოთხოვნა კიდევ უფრო დაამძიმა 15 მაისს, სენატორ ტედ კრუზის მიერ, მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილმა წერილმა, რომელშიც უკვე საუბარი საქართველოში მოქმედ კერძო კომპანიებზე და გეოსტრატეგიულ ინტერესებზე იყო. ტედ კრუზის მიერ წერილის გამოქვეყნების დღეს, საქართველოს პრეზიდენმა, ჯიმ რიშის მიერ მითითებული პოლიტიკური პატიმრები შეიწყალა და თავში მოყვანილ კითხვას მარტივად გაეცა პასუხი.

ამიტომ, ალბათ საინტერესო იქნება განვიხილოთ წერილების ძირითადი მიზეზები და მისი შედეგები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე.

ტედ კრუზის წერილის გაცნობის შემდეგ, ვისაც ჯერ კიდევ ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა, ყველამ ალბათ კომპანია „ფრონტერას“ სახელს და მის საქმიანობაზე ინფორმაციას დაუწყო ძებნა. შედეგად აღმოჩნებოდა, რომ ეს ენერგო-რესურსების მომპოვებელი კომპანია, 1997 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და 2017 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ, მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაც მოასწრო და ამ წლის აპრილში, დავის მოგებაც.

სარჩელის მიზეზი იყო კომპანიის მიერ იმ მიწების საქართველოს მთავრობისთვის არდაბრუნება, რომელიც, უკვე გამოიყენა ენერგიის მოპოვებისთვის. როგორც ჩანს, მხარეებს შორის ნამდვილად იყო მიწის დაბრუნების შეთანხმება, რის გამოც, მოიგო კიდეც საქართველოს მთავრობამ ლონდონის არბიტრაჟში. თუმცა, აქ ჩნდება კითხვა, თუ რატომ გახდა საჭირო აუცილებლად საერთაშორისო არბიტრაჟში დავის გადატანა და რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს მთავრობის მიერ, ამერიკულ კომპანიასთან შეთანხმების გზით დავის გადაწყვეტა? უნდა ითქვას, რომ არბიტრაჟის შედეგის შესაბამისად, „ფრონტერამ“ მთელი მიწის 99% საქართველოს მთავრობას უნდა დაუბრუნოს. შედეგად, გამოდის, რომ „ფრონტერამ“ ან საქართველო უნდა დატოვოს, ან სხვა ადგილი აირჩიოს ენერგიის მოპოვებისთვის.

არის თუ არა ასეთი შედეგები ამერიკული კომპანიის მიმართ ზეწოლის მაგალითი, მკითხველმა განსაჯოს, თუმცა, საქართველოს მოქალაქეების ნაკლები ინფორმირება, ამ საკითხს კიდევ უფრო ურთიერთსაწინააღმდეგოს ხდის.

გარდა ამისა, მძიმე იყო ტედ კრუზის წერილი გეოპოლიტიკის კონტექსტისთვისაც, რადგან, მის სათაურში პირდაპირაა აღნიშნული – „სენატორი ტედ კრუზი მოუწოდებს სახელმწიფო მდივან პომპეოს ივანიშვილის რუსეთსა და ირანთან შესაძლო კავშირების გამოკვლევისკენ“. მასში აღნიშნულია, რომ ანაკლიის კონსორციუმიდან ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფის“ გაძევების მიზანი, პორტის მშენებლობის შეჩერება იყო. ხოლო, თავისმხრივ, ანაკლიის პორტის მშენებლობა დაკავშირებულია რუსულ საპორტი ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულების შემცირებასთან. გამოდის, რომ კრუზის თქმით, „კონტი ჯგუფის“ კონსორციუმიდან გასვლა, პირდაპირ ემსახურება რუსეთის ინტერესებს.

თუკი ყველაფერი ეს გასაგებია, მაშინ საჭიროა გავერკვეთ, თუ ვინაა სენატორი ტედ კრუზი? მისი ასეთი სტატუსი უკვე ბევრზე მეტყველებს, თუმცა, მას დანარჩენი 99 სენატორისგან განსაკუთრებული რეპუტაცია გამოარჩევს. ტედ კრუზი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახეა და პარტიის სპიკერატში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.

და საიდან მოდიან წერილები?

წერილები, ტექსასიდან, ამერიკის უკიდურესი სამხრეთი შტატიდან მოდიან, სადაც კომპანია „ფრონტერაა“ დაფუძნებული და რომელიც, წერილების დამწერ კონგრესმენებს არაერთხელ დახმარებია პოლიტიკური კამპანიის წარმართვაში.

თუმცა, თუ არა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესი, მხოლოდ რომელიმე ერთი კომპანიის გამო ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მსგავსი გაუარესება, ალბათ წარმოუდგენლად უნდა ჩანდეს. ამიტომ, საქართველოს სახელმწიფო მესვეურებისგან, პრობლემებისა და შეცდომების გადაფასებაა საჭირო და არა ერთ კერძო კომპანიასთან მთლიანი გეოპოლიტიკური წინააღმდეგობების დაკავშირება. ვფიქრობ, იგივე გვეხება ჩვეულებრივ ხალხსაც.