ქრისტინე სახელაშვილი,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ტურიზმის მნიშვნელობა საკმაოდ დიდია დღევანდელ საქართველოში, რაც განპირობებულია ამ დარგის უნარით დაეხმაროს ეკონომიკას და იქცეს ეკონომიკური დოვლათის დაგროვების მნიშვნელოვან წყაროდ. უნიკალური ისტორია, კულტურა, მრავალფეროვანი გარემო, ქართველებისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობის ტრადიცია და კიდევ უამრავი ფაქტორი განაპირობებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. თანამედროვე ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის, ბუნებრივ რესურსებთან, მრავალფეროვან ტურისტულ ლოკაციებთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურისტული სერვისის განვითარებაზე ზრუნვა, ტურისტული ინვესტიციების მოცულობის ზრდა, ტურისტული ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.

ტურისტული ინფრასტრუქტურა ეს არის ურთიერთდაკავშირებული მომსახურე სტრუქტურების კომპლექსი, რომელიც ქმნის მატერიალურ და ორგანიზაციულ საფუძველს ტურიზმის განვითარებისთვის. შესაბამისად ის ტურისტული სერვისის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტია.  ზოგადად ტურისტული ინფრასტრუქტურა იყოფა ტექნიკურ და სოციალურ ინფრასტრუქტურად. ტექნიკური მოიცავს ძირითად მოწყობილობებს, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, საგზაო და სხვა სფეროებში. ხოლო სოციალური მოიცავს ინსტიტუციებს, რომლებიც დაკავშირებულია განათლებასთან კულტურასთან, მეცნიერებასთან, ჯანმრთელობასთან და საჯარო მმართველობასთან.

ტურისტული ინფრასტრუქტურა შედგება 3 ძირითადი ნაწილისგან, ესენია:

1) საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა

2) სახმელეთო და საპორტო ინფრასტრუქტურა

3) ტურისტული სერვისის ინფრასტრუქტურა

საჰაერო, საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, სადაც, მაგალითად 2016-2017 წლის ფორუმის მიხედვით, საქართველო 59-ე ადგილს იკავებს. ამ ინდექსის განსაზღვრისას 12 ფაქტორი გამოიყენება და მათ შორისაა საჰაერო, საგზაო, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი და მისი გაუმჯობესების პერსპექტივები. თუ ჩავშლით კატეგორიებს, შეგვიძლია წარმოვადგინოთ შემდეგი მონაცემები…

ინფრასტრუქტურის საერთო დონის მიხედვით, საქართველო არის 65-ე პოზიციაზე, გზების ხარისხით – 68 პოზიციაზე, საპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხით – 71-ე პოზიციაზე, საჰაერო მიმოსვლის ინფრასქტრუქტურის ხარისხით – 88-ე პოზიციაზე, ხოლო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ხარისხით – 38-ე პოზიციაზე. მოცემული ინდიკატორების მაჩვენებლებით საქართველო ჩამორჩება თურქეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს, თუმცა უსწრებს სომხეთს და უკრაინას. 2018 წელს მოცემული ინდექსის მიხედვით, საქართველო მთლიანობაში 66-ე პოზიციაზეა, ხოლო 2019 წლის შეფასებით, საქართველოს პოზიცია 8 საფეხურით გაუარესდა და 74-ე ადგილს იკავებს.[1]

საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საავტომობილო ტრანსპორტს. ის საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ ქვეყნის შიგნით ფუნქციონირებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა თანამედროვე საქართველოში ტურისტული გადაადგილების საკმაოდ ეფექტურ გზას წარმოადგენს. არარეზიდენტი პირები, ან შიდა ტურიზმით დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც სახმელეთო გზით გადაადგილდებიან რეგიონებს შორის, რეგულარულად სარგებლობენ საგზაო ქსელით, ე.წ. ავტობანით, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ერთ-ერთი წარმატებული მცდელობაა. ნაწილობრივ, ეს პროექტი 2009-2015 წლებში შესრულდა, ხოლო მთლიან დასრულებულ სახეს, პროგნოზების მიხედვით, 2022 წლისთვის მიიღებს.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პრობლემებს საქართველოში, სამწუხაროდ აქ უფრო მეტის თქმაა შესაძლებელი. ჩამონათვალი ინფრასტრუქტურული ხარვეზები საკმაოდ დიდია, დაწყებული საინფორმაციო ინფრასტრუქტურით და დასრულებული სასტუმროების მომსახურებისა და ფასების თანაფარდობით. დაბალია ქართული სასტუმროების, განსაკუთრებით კი დაბალი და საშუალო კლასის სასტუმროების დარეგისტრირების რაოდენობა საერთაშორისო ტურისტულ საიტებზე (tripadvisor.com, booking.com); თვალშისაცემია გზებზე და გზაჯვარედინებზე მაჩვენებელი ნიშნების სიმცირე ღირსშესანიშნაობებთან, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში მდებარეობს; ხშირია მისასვლელი გზების უქონლობა ან მსგავსი გზის გაუმართაობა.“

საკმაოდ დიდი პრობლემებია მომსახურების ფასებშიც, რაც განპირობებულია საფასო პოლიტიკის ნაკლებეფექტური კონტროლით. არსებობს ე.წ. შერჩევითი ფასების პრაქტიკა, რაც გულისხმობს, რომ ადგილობრივი ტურისტული პროდუქტის მიმწოდებლები ტურისტული ნაკადების სეგმენტაციას ახდენენ, მაგალითად ერთი და იგივე მომსახურებაში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს სხვადასხვა ფასებს უწესებენ. ეს ფასები ასევე განსხვავებულია რეზიდენტი და არარეზიდენტი მომხმარებლებისთვის. ზოგიერთი კომპანია  საერთაშორისო მოგზაურებს, გადაყვანას სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციაზე სთავაზობს საკმაოდ მაღალ ფასებში, რაც ტურისტებისთვის იწვევს უნდობლობას მსგავსი კომპანიების მიმართ, საბოლოოდ კი საქართველოს ტურისტული დარგისადმი ზოგადი უნდობლობას წარმოშობს.

საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია შესაბამისად ტურისტულ სექტორში მისი აქტივობა შესაბამისი საერთაშორისო კრიტერიუმებით ფასდება. ერთ-ერთი ასეთი არის ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის საერთაშორისო ინდექსი და ამ რეიტინგულ სიაში საქართველოს პოზიცია. ზოგადად, ეს ინდექსი მოიცავს 140 ქვეყნის ეკონომიკის შეფასებას ტურისტული კუთხით და იგი იზომება იმ ფაქტორებისა და პოლიტიკის მდგრადობის მიხედვით, რომლებიც განსაზღვრავს ტურიზმის სექტორის კონკურენტუნარიანობას.  ინდექსი ქვეყნდება 2 წელიწადში ერთხელ და 2019 წლის მონაცემებით, მასში საქართველო იკავებს 68-ე პოზიციას და 2 პოზიციით წინ გადადის 2017 წელთან შედარებით.

„ინდექსის მიხედვით, საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება 81-ე პოზიციით ფასდება, საგზაო ინფრასტრუქტურით 74-ე ადგილს იკავებს, ხოლო ტურისტული სერვისის ინფრასტრუქტურით – 41-ეს, ეს კი ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელი ინდიკატორით, წინა წლებთან შედარებით რეგიონში გაუმჯობესების მაჩვენებელი გვაქვს.“

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ჩართულია საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის საკითხში და მუდმივად ატარებს კვლევებს ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით. ესენია, სოციალურად დაუცველების ჩართვა ტურისტულ სექტორში, ტურიზმი, როგორც სიღარიბის დაძლევის ეფექტური საშუალება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება ინფრასტრუქტურული ცვლილებებით და სხვა. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მუდმივად აძლევს საქართველოს რეკომენდაციებს, რომ გამოიყენონ მსოფლიო გამოცდილება და კონკრეტულად მაღალი ტურისტული კულტურის მქონე ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმებით იხელმძღვანელონ.

[1] http://www3.weforum.org/docs/WEF_TTCR_2019.pdf