ნებისმიერ ამერიკელ კურსდამთავრებულს შეუძლია თქვას, რომ ძალაუფლების გამიჯვნა, მათი მთავრობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ძალაუფლების გადანაწილება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის, ყველა დასავლური დემოკრატიისთვის ნაცნობი პრაქტიკაა, თუმცა, საიდან იღებს იგი სათავეს? ეს იდეა განმანათლებლებში, ან თანამედროვე მოაზროვნეებში არ დაბადებულა, იგი პირველად ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში,  ბერძენმა ფილოსოფოსმა, პოლიბიოსმა შემოგვთავაზა.

პოლიბიოსი, ძვ.წ. 206 წელს დაიბადა, ქალაქ არკადიაში, რომელიც საბერძნეთში, პელოპონესში მდებარეობს. მამამისი ცნობილი პოლიტიკოსი და აქაველთა კავშირის წევრი იყო, ფედერალისტური ორგანიზაციის, რომელიც ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების დამოუკიდებლობის იდეის გარშემო იყო გაერთიანებული. მამამისის პოლიტიკური ცხოვრებით მოხიბლული, იგი კარგი საზოგადო მოღვაწე და სამხედრო კავალერიის მეთაურიც გახდა. მისი პოლიტიკური კარიერა ორიენტირებული იყო ბერძნული დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე, უკვე მძლავრ რომის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ფარგლებში.

თუმცა, აქაველთა ლიგას, მალე რომთან წინააღმდეგობა და მაკედონიასთან ალიანზე ფიქრი მოუწია, რაც რომაელებმა არ დაუშვეს და ამის აღსაკვეთად, საბერძნეთიდან მძევლები გაიტაცეს, რათა ბერძენთა მორჩილება ამით მოეპოვებინათ. ეს მძევლები რომში გასამართლებას წლობით ელოდნენ, რაც არასოდეს მომხდარა. საბოლოოდ, ჩვიდმეტ წლიანი ტყვეობის შემდეგ, ისინი რომაელებმა გათავისუფლეს.

ტყვეებს შორის იყო პოლიბიოსიც. საბედნიეროდ, პოლიბიოსს გაუმართლა და დაუახლოვდა აემილიუს პაულუსს, რომელთანაც იმდენად კარგი ურთიერთობა დაამყარო, რომ ამ უკანასკნელმა, პოლიბიოსი ბავშვების ტუტორადაც კი გაამწესა. ამით, პოლიბიოსმა აირიდა ის საზარელი და მძიმე ცხოვრების პირობები, რაც სხვა ტყვეებმა პირადად გამოსცადეს. მეტიც, მას ახლო კავშირის შესაძლებლობა მიეცა რომაულ ელიტასთან. ამან განაპირობა პოლიბიოსის მიერ რომაული კონსტიტუციის კარგად შესწავლა.

ქალაქიდან იმპერიამდე – რომის სწრაფი აღზევება

პოლიბიოსის კარიერის განმავლობაში, რომი მცირე ქალაქ-სახელმწიფოდან, ნამდვილ სუპერძალად იქცა. დასაწყისისთვის, რომი ნაკლებად ფლობდა ბუნებრივ უპირატესობებს. მაგალითისთვის, მას არ ჰქონდა პირდაპირი წვდომა ზღვასთან, ნიადაგიც ნაკლებად ნაყოფიერი იყო და რაც მთავარია, ქალაქი გარშემორტყმული იყო მტრებით. თავდაპირველად, რომაელები მძიმე შრომის ხარჯზე, ძირითადად თავის გატანისათვის ზრუნავდნენ. ტრადიციული მოაზროვნე იფიქრებდა, რომ რომაელებს თავისუფლების დიდი ისტორია ვერ ექნებოდათ და საბოლოოდ, თავიანთი რესურსების სიმწირის გამო, მტრებისთვის მორჩილება მოუწევდათ.

თუმცა, ყოველგვარი ვარაუდის საწინააღმდეგოდ, რომმა პროგრესის არაერთი ტალღა გაიარა და არც ერთ ეტაპზე არ აპირებდა შეჩერებას, მოქნილი პოლიტიკით ჩამოიშორა მტრები და გზა გაიკაფა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებისკენ. მრავალი გაოგნებული დამკვირვებელი სვამდა კითხვას, თუ რა ძალებით შეძლო ჩამორჩენილმა, აგრარულმა ცივილიზაციამ ასეთი უპრეცედენტო წარმატების მიღწევა. პოლიბიოსმა, ამ კითხვას თავის ნაშრომში, “ისტორიები”, უპასუხა.

პოლიბიოსს სჯეროდა, რომ რომაული კონსტიტუცია ეფექტური ორი მიზეზის გამო იყო. პირველი – იგი ადამიანის ბუნების შესაბამისად იყო შედგენილი და მეორე – იგი შეიცავდა “ანაციკლოზის”, (პოლიტიკური ევოლუციის ციკლური თეორია, რომელსაც, პოლიბიოსის აზრით, ევოლუციის შედეგად, საბოლოოდ ხრწნა და დეგრადაცია მოჰყვება. მაგ: მონარქია გარდაქმნება ტირანიად, არისტოკრატია – ოლიგარქიად, ხოლო დემოკრატია – ოხლოკრატიად), როგორც პოლიტიკური თეორიის პრევენციის მექანიზმს.

ადამიანური ბუნება: პირადი ინტერესები და შიში

ანტიკური ხანის ბევრ პოლიტიკურ მოაზროვნეს სჯეროდა, რომ ყოველი პოლიტიკური თეორიის ზღვარი, ადამიანურ ბუნებაზე გადის. აქედან გამომდინარე, ყოველი თეორია სწორედ ადამიანის ბუნებისა და მახასიათებლების გამორკვევით უნდა დაიწყოს. პირველად, პოლიბიოსს სწამდა, რომ ადამიანთა ერთობა სისუსტისა და შიშის გამო იქმნებოდა, რასაც მოჰყვებოდა ძალაუფლებაში ყველაზე ძლიერის მოსვლა. ასეთი მოცემულობა წააგავს ცხვრის ფარისა და მწყემსის, ან ჩიტების მომთვინიერებლისა და ფრინველების ურთიერთდამოკიდებულებებს.

თუმცა, ადამიანი, ცხოველურ ქცევას ივიწყებს მას შემდეგ, რაც იწყებს გონების გამოყენებას. პოლიბიოსის მიხედვით,

“როცა ერთი ადამიანი ხედავს, თუ როგორ ავნეს მეორეს, იგი ამჩნევს ყოველივეს და მომხდარით უკმაყოფილო რჩება, რადგან ფიქრობს, რომ მომავალში, შესაძლოა ყველა ადამიანს ზუსტად ასე მოექცნენ.”

ასეთი მორალური და თანამგრძნობი წარმოდგენებით, იქმნება სამართლიანობის იდეა.

პოლიბიოსი ადამიანებს აღწერს, როგორც გონიერ და პირადი ინტერესების მქონე ქმნილებებს. შიშისა და თანაგრძნობის დუალიზმი მართავს ყველა ჩვენგანის ცხოვრებას. ვიდრე შიში არსებობს, ხალხი თანაგრძნობიდან გამომდინარე, ურთიერთთანამშრმლობის საფუძველზე, შექმნის სტაბილურ საზოგადოებას. ხოლო პრობლემების შექმნა იწყება მაშინ, როდესაც საზოგადოებაში ისეთი წევრები წარმოიქმნებიან, რომლებსაც წარმოსახვის უნარი არ ჰყოფნით, საკუთარი თავის სხვის ადგილას წარმოსადგენად. 

ანაციკლოზი: ხელისუფლების ციკლები

პოლიბიოსი ამტკიცებდა, რომ “ყოველივე ბუნებაში არსებული საგანი, საბოლოოდ, ხრწნადობისა და ნგრევისკენ არის მიდრეკილი.” ხოლო ბუნების შესახებ აღნიშნული მაქსიმა, ვრცელდება ასევე პოლიტიკურ წესრიგზეც.

არისტოტელეს სწამდა, რომ ხელისუფლების ციკლური თეორიების მიხედვით, ყოველი ჯანსაღი სახელისუფლებო რეჟიმი, საბოლოოდ ხრწნისა და დეგრადირებისთვის არის განწირული. პოლიბიოსსაც, თავისი ბერძენი წინამორბედის მსგავსად სჯეროდა ამ თეორიის. ცნობილია, რომ ბერძენთათვის, ხელისუფლებას სამი ფორმა ჰქონდა: მონარქია, არისტოკრატია და დემოკრატია. აღნიშნული ფორმების დეგრადაციის შედეგად, პოლიბიოსის აზრით მიიღებოდა ტირანია, ოლიგარქია და ოხლოკრატია.

პრობლემის გადაწყვეტა

პოლიბიოსის აზრით, პოლიტიკის მთავარი მიზანი არა შეთანხმებები, არამედ სტაბილურობის საშუალებით, თავისუფლების მოპოვებაა. იგი ამტკიცებდა, რომ ანაციკლოზი, რომელიც მუდამ დესპოტიზმისკენ მიისწრაფის, სრულიად ანადგურებს თავისუფლებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ციკლი შეჩერდეს და თავისუფლება იქნას დაცული.

და როგორ მიაღწიეს რომაელებმა თავისუფლებას? ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ რომი ძლიერი, მისი ძლევამოსილი ლიდერების საშუალებით გახდა, რომლებსაც მრავალი პირადი თუ სამოქალაქო უპირატესობა ახასიათებდათ. ასეთი მაგალითებიც მრავლადაა რომის ისტორიაში, როდესაც ადამიანები უბრალოდ უარს ამბობდნენ აბსოლუტურ ძალაუფლებაზე.

თუმცა, ეს რომის წარმატების მიზეზი არ ყოფილა. პოლიბიოსს არ სჯეროდა, რომ მხოლოდ სიბრძნესა და უპირატესობებს შეეძლოთ სტაბილური და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბება. მისი აზრით, როდესაც ერთი დიადი ადამიანი, ხალხის სასარგებლოდ წარმატებას მიაღწევს, მისი დაღუპვის შემდეგ, საზოგადოებას ისევ დაბნეულობა, გაურკვევლობა და გაჭირვება შთანთქავს. ერთი რომელიმე ბრძენი ლიდერის მიმართ ბრმა მხარდაჭერის ნაცვლად, პოლიბიოსს მტკიცედ სჯეროდა, რომ სწორედ კარგი მმართველობა და გამართული ინსტიტუტებია საუკეთესო საშუალება, თავისუფლების მისაღწევად.

პოლიბიოსის საუკეთესო პოლიკური მოდელი მოიაზრებს “ბალანსს”, “წესრიგს”, “თანაბრობას”, რაც გულისხმობს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა გამიჯვნას და მათთვის განსხვავებული როლის მინიჭებას. სწორედ ძალაუფლების გადანაწილების კონცეფციაა რომის წარმატების მთავარი მიზეზი, რამაც იგი სხვა ხალხებზე ბატონობამდე მიიყვანა.

ნოვაცია რომის ხელისუფლებაში

პოლიბიოსი გამოარჩევს და განიხილავს რომის ხელისუფლების სამ ინსტიტუტს – კონსულებს, სენატს და სახალხო ასამბლეებს. თითოეული, ხელისუფლების ერთ შტოს განასახიერებს. მონარქიის პრინციპი, რომში კონსულების სახით იყო წარმოდგენილი. მათ ჰქონდათ ძალაუფლება ემართათ არმია და თავმჯდომარეობა გაეწიათ სენატისა და სახალხო ასამბლეებისთვის. ამ შემთხვევაში, სენატი არისტოკრატიის როლს ითავსებდა, რომელიც ყოფილი თანამდებობის პირებისგან შემდგარი სათათბირო, მრჩეველთა ორგანო იყო.

თეორიაში, სენატს მხოლოდ მრჩეველთა ორგანოს ფუნქცია ჰქონდა თუმცა, პრაქტიკაში, იგი საჯარო პოლიტიკის მრავალ საკითხში ერთვებოდა. საშინაო პოლიტიკის კუთხით, სენატი აკონტროლებდა სასამართლოებს, აწესრიგებდა საგადასახადო შემოსავლების საკითხებს და ქმნიდა სივრცეს პოლიტიკური დებატებისთვის. ხოლო საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, სენატზე დამოკიდებული იყო ომის გამოცხადებისა და უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების საკითხები. რაც შეეხება უშუალოდ დემოკრატიის მახასიათებელს, იგი წარმოდგენილი იყო სახალხო ასამბლეებით, რომლის როლიც გამოხატული იყო კანონშემოქმედებაში, მაგისტრატურების (თანამდებობის პირები) შერჩევასა და უცხო სახელმწიფოებთან ხელშეკრულებების გაფორმებასა და გაუქმებაში.

წინამორბედებისგან განსხვავებით, პოლიბიოსის აზრით, საზოგადოებაში მთავარი მიზანი, ჰარმონიისა და თანხმობის მიღწევა არ არის. კონფლიქტების სრული აღკვეთის ნაცვლად, იგი მათ საჭიროებაზეც კი საუბრობდა და ფიქრობდა, რომ ადამიანური ბუნებიდან გამოდინარე, კონფლიქტის არიდება შეუძლებელია, ამიტომ, ეს გაურკვევლობები, საერთო წესრიგისათვის სასარგებლოდ უნდა იქნას გამოყენებული.

პოლიბიოსის მიერ ადამიანური ბუნების გააზრების მიხედვით, ყველა ჩვენგანი, საკუთარი ინტერესებზე ორიენტირებული არსებაა, რომელიც, ძირითადად, პირადი ძალაუფლების განტკიცებაზე ზრუნავს. ხელისუფლების ყველა ნაწილს, განსხვავებული და გამორჩეული ფუნქცია აქვს. ხელისუფლების სხვადასხვა ნაწილების ამ განსხვავებული ბუნებიდან გამომდინარე, თითოეულ მათგანს ბუნებრივი შიში ახასიათებს, სხვა რომელიმეს ძალაუფლების გადამეტებული ზრდის მიმართ. 

სწორედ ამ შიშმა წარმოქმნა კონფლიქტის გასაოცრად სასარგებლო სახე. პოლიბიოსის მიერ დასახელებული თითოეული ინსტიტუცია, ხშირად უპირისპირდება ერთმანეთს საკუთარი წილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ძალაუფლების დაკარგვის მათი საერთო შიში, საბოლოო ჯამში ქმნის სტაბილურობას.

რომაულმა კონსტიტუციამ, ასევე მეტად გაართულა კონკრეტული ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის მხრიდან ძალაუფლების უზურპაციის შესაძლებლობა. ხელისუფლების სხვადასხვა შტო, სახელმწიფო ცხოვრების სხვადასხვა ნაწილის კონტროლში იღებდა მონაწილეობას, ამიტომ, ცალკეული შტოს მხრიდან სრული ძალაუფლების მოპოვება, არსებითად რთულდებოდა. ამგვარი ფუნქციური გადანაწილების შედეგად, რომაელემბა შექმნეს შეკავება-გაწონასწორების მექანიზმი, რამაც თავისუფლებას გაუხსნა შესაძლებლობა და თავიდან აირიდა ცენტრალიზებული ძალაუფლება.

პოლიბიოსი რომის შემდეგ

პოლიბიოსის შრომა, ისტორიის განმავლობაში მრავალმხრივი განხილვის საგანი გახდა, მათ შორის, რომაელი საზოგადო მოღვაწის, ციცერონის, რენესანსის გამოჩენილი წარმომადგენლის, ნიკოლო მაკიავალისა და რაც მთავარია, ფრანგი მოღვაწის, მონტესკიეს მხრიდან. მონტესკიემ, თავის კანონთა გონში, პოლიბიოსის ნაშრომის მრავალმხრივი ანალიზი გააკეთა.

დამფუძნებელი მამები, ძალიან ხშირად ციტირებდნენ “კანონთა გონს”, თუმცა, მათ არც პოლიბიოსის ფაქტორი გამორჩენიათ მონტესკიეს ნაშრომზე. ძველი თაობის ამერიკელები, ძალიან კარგად იცნობდნენ ბერძნულ-რომაულ კულტურას, ცნობილ მწერლებსა და მოღვაწეებს. მეტიც, რესპუბლიკური რომი, მათთვის ნამდვილ იდეალს წარმოადგენდა და ისინი ცალსახად ეთანხმებოდნენ პოლიბიოსის მოსაზრებას, რომ რომაული ტრიუმფის ძირითადი მიზეზი, სწორედ ძალაუფლების გადანაწილების ოსტატური იმპლემენტაცია იყო.

ჯონ ადამსი, თავის ნაშრომებში, გამუდმებით აქებს რომაულ კონსტიტუციას.

“რომაულმა კონსტიტუციამ ბრძენი ხალხი და უმძლავრესი პოლიტიკური ძალა შექმნა, რომლის მსგავსიც ისტორიას არ ახსოვს. მაგრამ, სენატს, კონსულებს ან ხალხის წარმომადგენლობას რომ ცალკეულად აეღო საკუთარ თავზე ერთპიროვნული ძალაუფლება, განა ვინმეს სჯერა, რომ ისინი კვლავ შეძლებდნენ თავისუფლების, ან დიდების მოპოვებას?”

როდესაც ჯეიმს მედისონი ძალაუფლების გადანაწილებაზე საუბრობს, ამბობს, რომ “არც ერთ პოლიტიკურ რეალობას არ ახასიათებს ამდენად თანდაყოლილი ღირებულება”. 63-ე ფედერალისტურ წერილში, მედისონი ციტირებს პოლიბიოსს, ხოლო 47-ე წერილში, მთლიანად ძალაუფლების გადანაწილებას ახასიათებს. პოლიბიოსის გავლენა, მის აღწერაში ძალიან კარგად იგრძნობა:

“საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა დამახასიათებელი ძალაუფლების ერთ ხელში, ან გარკვეული ჯგუფის ხელში თავმოყრა, მათი მემკვიდრეობით მიღება, თვითნებურად, ან თუნდაც არჩევნების გზით დაუფლება, სამართლიანად შეიძლება შეფასდეს, როგორც ტირანია.”

პოლიბიოსის ანგარიში რომაული რესპუბლიკის კონსტიტუციის შესახებ, მეტად აღიარებული შრომაა ისეთი მოაზროვნეების მხრიდან, როგორებიცაა მაკიაველი, ჯეიმს ჰარინგტონი, ოლგერნონ სიდნი, მონტესკიე, ჯონ ადამსი და ჯეიმს მედისონი. პოლიბიოსმა გვაჩვენა, რომ მხოლოდ სიბრძნე არაა საკმარისი თავისუფლების დასაცავად. თანმიმდევრულად განსაზღვრული წესები, რომლებიც ანაწილებს და ზღუდავს ძალაუფლებას, არის არსებითი თავისუფალი საზოგადოებისათვის და უძლებს დროის გამოცდას.

თარგმანი შესრულებულია ონლაინ გამოცემიდან, Fee.org