2020 წლის აგვისტოს თვეში, ტრადიციულად ჩატარდა როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის ყრილობები, სადაც პარტიებმა და მათ სახეებმა ფაქტობრივად ფუნდამენტურად წარმოაჩინეს ის ხედვები, რომლებსაც 3 ნოემბრის არჩევნებში დაეყრდნობიან.

ნიშანდობლივია, რომ ორივე პარტიიდან მომავალ არჩევნებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც გარდამტეხს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ამერიკისა და მსოფლიოსთვის. ამ მოლოდინის გაჩენა ერთის მხრივ ამომრჩევლის მობილიზების საშუალებაა, თუმცა, მნიშვნელოვანწილად დაახლოებულია რეალობასთან.

იდეათა ამ დაპირისპირებაში პირველი ჯერი დემოკრატების იყო, რომლებიც, როგორც ჩანს საკმაოდ კონსოლიდირებულად ჩაერთვებიან საარჩევნო პროცესში. ამის თქმის საფუძველი ის არის, რომ შედარებით ზომიერი მემარცხენე ფრთის გარდა, დონალდ ტრამპს ღიად უპირისპირდება პროგრესული მემარცხენეების ნაწილი, ბერნი სანდრესის ჩართულობით. მეტიც, სანდერსმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ტრამპის დასამარცხებლად, კონსერვატორებსაც კი გაუერთიანდებოდა.

უნდა ითქვას, რომ ყრილობისთვის განსაკუთრებული მაინც უფრო ემოციური და სენსიტიური ფონი იყო, რამდენადაც, იდეოლოგიური მიმართულებები ტრადიციულ ფორმებში იქნა წარმოჩენილი. თუმცა ცხადია, რომ დღის წესრიგს დაემატა პანდემიისგან მიყენებული ზიანი, რაშიც, დემოკრატიულმა პარტიამ ერთხმად დაადანაშაულა ტრამპი. მათი აზრით, პანდემიის დროს მიღებული ზიანი, რაც გამოიხატა სამსახურების დაკარგვაში, შემოსავლების კლებაში, ჯანდაცვის შესაძლებლობების მოშლაში და სხვ.

ცხადია, რომ ჯორჯ ფლოიდის სასტიკი მკვლელობის შემდგომი აქციებიდან გამომდინარე, აქტიური იქნებოდა მითითება რასობრივ თემატიკასა და ჩაგვრაზე. დემოკრატების ყრილობაზე არაერთხელ გაჟღერდა რასობრივი პრობლემების შესახებ და თანამედროვე ამერიკა წარმოჩენილი იქნა, როგორც შავკანიანი ბავშვების დისკრიმინაციის ადგილი. აღნიშნულის შესახებ განაცხადეს ნენსი პელოსიმ, კამალა ჰარისმა, მიშელ ობამამ. ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებით ხისტი იყო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჰარისი, რომელმაც შეერთებული შტატებში, უმცირესობათა მდგომარეობა კატასტროფულად წარმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ შავკანიანი ბავშვების მძიმე მდგომარეობას ხაზი გაუსვა ბარაქ ობამამაც.

დემოკრატმა ლიდერებმა ერთხმად დაადანაშაულეს ტრამპი იმაში, რომ ამერიკამ საერთაშორისო რეპუტაცია, პატივისცემა და აღიარება დაკარგა, რამდენადაც გავიდა პარიზის კლიმატის აკორდიდან და უარი თქვა გარემოს დაცვაზე. ამასთან, ბერნი სანდერსის აზრით, დონალდ ტრამპმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სოციალური პროგრამების მეტ საჭიროებაზე.

ვფიქრობ აშკარად გადაჭარბებული, თუმცა ხშირი იყო მოსაზრება დონალდ ტრამპის მიერ ამერიკელთათვის დემოკრატიის წართმევის შესახებ. რთულია იმის დაზუსტებით თქმა, თუ რას გულისხმობდნენ დაზუსტებით ამ ტერმინში, თუმცა ფაქტია, რომ ეს ნარატივი პარტიის მთავარმა სახეებმა აქტიურად გამოიყენეს. უნდა ითქვას, რომ დემოკრატიის წართმევა და სანდერსის მიერ ნახსენები ტრამპის აუტორიტარიზმი აშკარად შეუფერებელი ცნებაა ამერიკული სისტემისთვის, რამდენადაც,  ამერიკის პრეზიდენტის ხელში ამისთვის საჭირო ძალაუფლების მშვიდობიანობის დროს გადაცემა, ფაქტობრივად შეუძლებელია.

რაც შეეხებათ რესპუბლიკელებს, მათ ყოველივე ზ/თქმულიდან საჭირო დასკვნები გამოიტანეს და სოციალურ ქსელებში შექმნეს აზრი, რომ დემოკრატებისთვის ამერიკა რასისტული ქვეყანაა, ხოლო რესპუბლიკელთათვის, დიადი.

არსებითად, არც რესპუბლიკელთა ყრილობაზე გაჟღერებულა ისეთი რამ, რაც მათ ამომრჩეველს შეიძლებოდა პირველად მოესმინა, თუმცა, პარტიული კონსოლიდაცია აქაც აშკარად შეიმჩნეოდა. ამას დაემატა ფერდკანიანი გამომსვლელების საკმაოდ დიდი რიცხვი, რომლებიც, პირადად აღნიშნავნდნენ, რომ ამერიკა არათუ რასისტული, არამედ შესაძლებლობების ქვეყანაა, რომ ისინი წვრილი ფერმერების ოჯახებიდან ვაშინგტონში აღმოჩდნენ და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ტრამპს მიმდინარე არჩევებში საჯაროდ დაუჭირეს მხარი როგორც ლიბერტარიენელების ფავორიტმა კანდიდატმა რენდ პოლმა, ასევე, სიცოცხლის მხარდამჭერმა ჯგუფებმა (Pro-Life – აბორტის მოწინააღმდეგე ჯგუფები) და ამასთან,  კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლებმა.

რესპუბლიკელებმა ყრილობაზე ერთგვარი დილემა შექმნეს ამერიკელი ამომრჩვლებისთვის, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათი პარტია ამერიკის ინტერესების მხარდამჭერია, ხოლო მოწინააღმდეგე დემოკრატები, ამერიკის არსებული ფორმის განადგურებას/შეცვლას ცდილობენ. სწორედ ამას მიუთითებდა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, როდესაც თავის გამოსვლაში არაერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკულ განსაკუთრებუბლობას (American Exceptionalism) და აღნიშნა, რომ დემოკრატებმა თავიანთი ყრილობის ოთხი დღე, ამერიკის კრიტიკაში გაატარეს.

თავად დონალდ ტრამპმა კვლავაც განაგრძო 2015 წელს დაწყებული კარიერული პოლიტიკოსებისა და ისთაბლიშმენტის წინააღმდეგ თავდასხმა და აღნიშნა, რომ მათ დაპირებები არ შეუსრულებიათ, ხოლო მისი პრეზიდენტობა სწორედ ამერიკელი ხალხისთვის მიცემული პირობების შესაბამისად მიმდინარეობს. Promises Kept (დაპირობები შესრულდა) – კამპანიის ერთ-ერთი ლოზუნგი სწორედ ამის გამოვლინებაა.

აღნიშნული სტატიის მიზანი არ არის რესპუბლიკელთა თეთრ სახლში ყოფნის შედეგების ანალიზი, შესაბამისად ფართოდ ვერ გავშლი, ნამდვილად შეასრულა თუ არა მან დაპირებები, თუმცა რამდენიმე სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, ემიგრაციას, საგარეო ურთიერთობებსა და რეგულაციებს, იგი დაპირებებს მართლაც ზედმიწევნით მიჰყვა.

და მაინც, რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ნოემბრისთვის? ამაზე პასუხის მხოლოდ ყრილობებში ძიება საკმაოდ რთული და არაგონივრულიც არის, რადგან, რადიკალმა პროგრესივისტებმა შეძლეს და პოლიტიკური პროცესი, კლასიკური ამერიკული გაწონასწორებული დიალოგიდან, ქუჩაში, მასობრივ აქციებსა და შეტაკებებში გადაიტანეს. შეერთებულ შტატებს არაერთ შემთხვევაში ახსოვს მასობრივი გამოსვლები და დაძაბულობა, თუმცა პანდემიის სირთულეებზე დართული უწყვეტი, თანაც ნაკლებად მშვიდობიანი პროტესტი, ამ ქვეყნის ისტორიის სახელმძღვანელოებში ძნელად თუ მოიძებნება.

შესაბამისად, ყოველივე ეს ნამდვილად მოახდენს გავლენას არჩევნებზე, ერთის მხრივ პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ, რომლის მიმართაც კორონა კრიზისი აშკარად განსაკუთრებით სასტიკი აღმოჩნდა, რამდენადაც შეერთებული შტატების ეკონომიკა რეკორდულ ნიშნებს აფიქსირებდა 2020 წლის მარტამდე. თუმა, მეორეს მხრივ დემოკრატიული პარტიის მიერ მხარდაჭერილი უმართავი პროტესტი, არეულობა და ამასთან, ბიზნესის გახსნის გადავადებისკენ უწყვეტი მოწოდება, არ და ვერ მოახდენს დადებით გავლენას მათ ამომრჩეველზე. გარდა ამისა, ამავე პარტიის მხრიდან პოლიციისთვის დაფინანსების მასობრივი შემცირება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შეწყვეტა, უკვე უარყოფითად ვლინდება კრიმინოგენულ ვითარებაზე, რაც დადებითად ნამდვილად არ აისახება ჩვეულებრივ მოქალაქეებზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული პარტია მკვეთრად გადაიხარა პროგრესივისტული, რადიკალური მემარცხენე მიმართულებისკენ, რასაც დემოკრატების მხარდამჭერი ამერიკელების უმრავლესობა ყოველთვის უნდობლობით ეკიდებოდა. ეს ვლინდება აღნიშნული პარტიის ძირითად პოლიტიკურ სამიზნედ უმცირესობების წარმომადგენელთა არჩევაში და ამ ჯგუფების ჩაგრულ ფენებად წარმოჩენის მცდელობაში. უნდა ვთქვათ, რომ ასეთი სახის სოციალური ცვლილება არასდროს ყოფილა სასიამოვნო საშუალო კლასისთვის. რომელთაც, მეტწილად გარანტირებული სამუშაო ადგილი, კარგი შრომითი დაზღვევა და დაბალი გადასახადი აინტერესებს. ისტორიულად, რადიკალური ცვლილებების მოწინააღმდეგედ შეერთებულ შტატებში სწორედ საშუალო ფენა გვევლინება ხოლმე. შესაბამისად არსებობს ვარაუდი, რომ ისინი კვლავ იტყვიან უარს ე.წ. „იდენტობის პოლიტიკის“ გამოვლინებებზე, უსიამოვნო რეგულაციებსა და მკაცრ გარემოს დაცვით კანონმდებლობაზე, რამაც, ისინი რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ შეიძლება მიმართოს.

როგორც ვხედავთ, სასწორზე არ არის მხოლოდ შიდა ამერიკული პოლიტიკური პაექრობა, რამდენადაც, აღნიშნული არჩევნები აუცილებლად მოახდენს პირდაპირ გავლენას როგორც დანარჩენ მსოფლიოზე, ისე საქართველოზე. ზოგიერთი პოლიტიკის ანალიტიკოსის მოსაზრებით, ტრამპის თეთრ სახლში გამოჩენამ დიდწილად შეცვალა მიდგომები კრიზისების მოგვარებასთან მიმართებით, რაც ზოგისთვის მიუღებელია, ხოლო ზოგიერთი, სწორედ ასეთ მიდგომებში ხედავს გამოსავალს. ობიექტურ ჭეშმარიტებას დრო უკეთ წარმოაჩენს, მანამდე კი დაველოდოთ, მიეცემა თუ არა დონალდ ტრამპს საშუალება კვლავაც შეუქმნას დისკომფორტი შეერთებულ შტატებსა თუ მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გლობალური მასშტაბის პოლიტიკურ ისთაბლიშმენტს.