როჯერ სკრუტონი, The Imaginative Conservative, თარგმნა: გიორგი ლაბაძემ
თარგმანი ეძღვნება თემურ კობახიძის ხსოვნას.

 

თომას ელიოტი მიზურის შტატის ქალაქ სენტ ლუისში დაიბადა 1888 წელს, განათლება ჯერ ჰარვარდში, სობრონში, მერტონ კოლეჯში მიიღო და ბოლოს, დისერტაცია დაიცვა ოქსფორდში, ფრენსის ჰერბერტ ბრედლის მოღვაწეობის შესახებ, რომლის ჰეგელიანურმა მსოფლმხედველობამ მძაფრი გავლენა მოახდინა მის  შეხედულებებზე. იგი ამერიკიდან ევროპაში მტკიცე რელიგიური და სულიერი საწყისებით ჩავიდა და 1914 წელს შეხვდა ეზრა პაუნდს, რომლის მეცადინეობითაც, ინგლისში დასახლდა. 1917 წელს დაწერილმა ნაწარმოებებმა Prufrock და Other Observations დიდი გავლენა მოახდინა ინგლისური ლიტერატურის მიმდინარეობებზე, რამდენადაც ისინი ინგლისურ ენაზე შესრულებული მოდერნიზმის უპირველეს ნაშრომებად ითვლება.

მის მიერ გამოცემულ წიგნში, The Sacred Wood, ხაზი აქვს გასმული ლიტერატურული კრიტიკის აუცილებლობას, რასაც, ლიტერატურული კულტურის გადარჩენის საშუალებადაც კი მიიჩნევს. The Sacred Wood, ყურადღებას უთმობს მე-16 საუკუნის “მეტაფიზიკურ პოეტებს” და ელისაბედის დროის დრამატურგებს, შექსპირის ერთგვარად მომცრო წინამორბედებს, რომელთა ნედლი ენა, გაჯერებული სენსაციურობით აშკარად დიდ კონტრასტს ქმნიდა ელიოტის თანამედროვეების სენტიმანტალურ ტკბილხმოვანებაზე, რასაც იგი მტკიცედ აკრიტიკებდა.

იმავე წიგნის ერთ-ერთ ესსეიში – “ტრადიცია და ინდივიდუალური ნიჭი” (Tradition and the Individual Talent) ელიოტს შემოაქვს ტერმინი ტრადიცია. ამ ესსეის მიხედვით, ნამდვილი ორიგინალობა მხოლოდ ტრადიციის ფარგლებშია შესაძლებელი და ყოველი ტრადიციის გადასხვაფერება მხოლოდ კონკრეტული ხელოვანის მიერ, ახლის შექმნის პროცესშია დამაჯერებელი. ტრადიცია ცოცხალი და მოძრავი რამაა და როგორც მწერალი ფასდება მისი წინამორბედის შრომების საფუძველზე, ისე იცვლება ტრადიცია მასზე ახლის დამატების საფუძველზე. სწორედ ტრადიციის ლიტერატურულმა იდეამ შეაღწია ელიოტის აზროვნებაში და ჩამოაყალიბა მისი სოციალური თუ პოლიტიკური ხედვა.

Prufrock და Other Observations ასევე გვეხმარება გავერკვეთ ელიოტის პარადოქსულობაში – რომ ჩვენი ლიტერატურული მოდერნისტი ასევე უდიადესი თანამედროვე კონსერვატორიც არის. ეს კაცი, რომელმაც უგულებელყო მე-19 საუკუნის ლიტერატურა და შეაბიჯა თავისუფალ ტაეპებსა და ექსპერიმენტში, გახლავთ ასევე პიროვნება, რომელმაც 1928 წელს თავი აღწერა, როგორც კლასიკოსი ლიტერატურაში, მონარქისტი პოლიტიკაში და ანგლო-კათოლიკე რელიგიაში. ეს პარადოქსულობა შეიცავს ელიოტის, როგორც სოციალურ-პოლიტიკური მოაზროვნის სიდიადის გასაღებს. კონსერვატიზმი თავისთავად არის მოდერნიზმი და მისი წარმატება სწორედ ამ ფაქტშია. რაც ედმუნდ ბერკს ფრანგი რევოლუციონერებისგან განასხვავებს ეს არა მისი წარსულთან მიჯაჭვულობაა, არამედ სურვილი, იცხოვროს თანამედროვეობაში, შეიმეცნოს იგი თავისი ნაკლოვანებებით და მიიღოს აწმყო როგორც ერთადერთი არსებული რეალობა. ბერკის მსგავსად, ელიოტი აცნობიერებს განსხვავებას წარსულზე მიჯაჭვულ ნოსტალგიასა და ნამდვილ ტრადიციას შორის, რომელიც გვაძლევს მხნეობასა და ხედვას, თუ როგორ ვიცხოვროთ აწმყოში.

1922 წელს ელიოტმა დააარსა ჟურნალი The Criterion, რომელშიც, მოდერნიზმის უპირველესი შედევრები გამოქვეყნდა, პაუნდის, ემპსონის, ოდენის და სპენდერის ჩათვლით. მალევე ელიოტმა გამოსცა ნაშრომი “უნაყოფი მიწა” (The Waste Land), რამაც, იგი თავისი თაობის ფაქტობრივად საუკეთესო პოეტად აქცია. პოემა მკითხველისთვის თავდაპირველად ქმნის ილუზორულ სიცარიელეს, რაც პირველი მსოფლიო ომის შედეგების ასახვაა – კონფლიქტის, რომელიც ევროპული ცივილიზაციისთვის ნამდვილი სუიციდი იყო, მსგავსდ პელოპონესის ომისა ბერძნებისთვის. ამ ნაწარმოებში ელიოტი მოიხმობს რელიგიურ ხედვას – უფრო ზუსტად შეგრძნებას, რომ სიცოცხლის განახლება დამოკიდებული ზებუნებრივ ძალებზე – თუმცა უფრო მეტად ზეადამიანური შესაძლებლობებით, ვიდრე რელიგიური რწმენის საშუალებებით. ამ მიმართებით, ერთის მხრივ იგი თავის თავს ავლენს, როგორ რელიგიის როლის ამღიარებელს, თუმცა, რომელიმე რელიგიაზე აფილირების გარეშე. მისი აზრით, მისი დროის მსოფლიოს გააზრება სპირიტუალური იდეების გარეშე, წარმოუდგენელია.

ნაშრომში, After Strange Gods ელიოტი იწყებს კონსერვატიული ანტიპათიის გამოვლინებას სეკულარული დოქტრინის მიმართ. ეს მისი სოციალური ფილოსოფიის მშენებლობის რამდენიმე მცდელობიდან ერთ-ერთი იყო, The Idea of a Christian Society (1940) და Notes Towards the Definition of Culture (1948) ნაშრომებთან ერთად, რომელიც მისი დროის ევროპის მდგომარეობის მიმართ შიშისა და აღშფოთების გამოვლინებაა.

ელიოტს ღრმა უნდობლობა ჰქონდა სეკულარული ჰუმანიზმის, ასევე სოციალისტური იდეების მიმართ საზოგადოებაში. ჰუმანისტი, რომელიც ადამიანის კეთილშდობილების მითით ხელმძღვანელობს, მარტივ სიცრუეში ეძიებს სამყოფელს. იგი თვითდაჯერებით მსოფლიოში ცხოვრობს, რომელიც თავს არიდებს მოვლენების ისეთ შეფასებას, როგორც რეალობაშია. ხელოვანი მოდერნისტისთვის უმთავრესი ამოცანაა “ოჯახური დიალექტის განწმენდა”, რაშიც იგი გულისხმობს საზოგადოებრივ ჯგუფებში საერთო ენის ჩამოყალიბების საშუალებებს. უნდა ვიპოვოთ სიტყვები, რიტმები და ხელოვნების ფორმები, რათა ავსახოთ ჩვენი – არა ჩემი, ან შენი – ჩვენი გამოცდილება, რომელიც გაგვაერთიანებს, ერთად ცხოვრობის მიზნით აქ და ახლა.

ელიოტი დემოკრატიაში აღიზარდა. იგი იმ დიადი საზოგადოებრივი სულის მემკვიდრეა, რომელსაც ამერიკული დემოკრატია ჰქვია და რომელიც ნამდვილი საჩუქარია მსოფლიოსთვის. თუმცა, ნამდვილი დემოკრატი ის არ ყოფილა. ელიოტს სჯეროდა, რომ კულტურა არ უნდა მივანდოთ დემოკრატიულ პროცესებს სწორედ სიტყვების მიმართ გაუფრთხილებელი დამოკიდებულების გამო. წერილში, The Use of Poetry and the Use of Criticism მან აღნიშნა:

როცა პოეტი აღმოაჩენს, რომ ინტელექტუალური არისტოკრატიის არარსებობის საუკუნეში იმყოფება; როცა ძალაუფლება იმდენად დემოკრატიზებული კლასის ხელშია, რომელიც ვიდრე კლასად ითვლება თავს მთელ ერად წარმოაჩენს; როცა ერთადერთი ალტერნატივა საკუთარ თავთან ან გარდასულ დიად მოაზროვნეებთან საუბარია, პოეტისა და კრიტიკის დანიშნულება კიდევ უფრო იზრდება.  

ბევრი მიიჩნევს, რომ ელიოტის თეორია კულტურისა და ტრადიციის თაობაზე გადაჭარბებულად რთულია და განათლებულ ელიტას დაუძლეველ ვალდებულებებს უყენებს. თუმცა ბევრისთვის ყოველივე ეს სასიცოცხლო შთაგონებაა. ამასობაში, მოდით ერთმანეთს ვკითხოთ, რა სჭირდება ადამიანს. სწორია კი, რომ მან, სარტრის მსგავსად სცადოს და ძირი გამოუთხაროს ბურჟუაზიულ საზოგადოებას, ან აქილიკოს მისი ჩვევები და მორალი? თუ ვფიქრობთ, რომ კი, გამოდის ვერაფერს ვმატებთ საზოგადოებას, გარდა დაცინვის და დამცირებისა. ამის შედეგი, უსასრულო ნეგაციის პირობებში ცხოვრება იქნება. კონსერვატიული პასუხი თანამედროვეობაზე არის მიიღოს და აღიქვას იგი, თუმცა მიიღოს კრიტიკულად იმ შეგრძნებით, რომ ადამიანური მიღწევები იშვიათი და რთულია, ამიტომ მემკვიდრეობის განადგურების უფლება არ გვაქვს. ადამიანის მომავლის სოციალისტური აღქმა მარტივია: დავამხოთ არსებული წესრიგი და ვაცადოთ მომავალს, განვითარდეს. თუმცა, ასეთი განვითარება წარმოუდგენელია. “ახალი მსოფლიოს” ასეთი ფილოსოფია ტყუილია და ილუზიაა, სენტიმენტალიზმის პროდუქტია, რომელიც ადამიანური ბუნების მახასიათებლებს ბინდად გადაეკვრება ხოლმე.

პირველი რაც საჭიროა გავაკეთოთ, საკუთარი თავის გამოსწორებაა. ამით, სამყაროს რომელმაც შეგვქმნა ხელახლა აღმოვაჩენთ, რაც დაგვანახებს თავს რაიმე დიადის ნაწილად, რომლის არსებობაც სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული – რომელიც კვლავ იცოცხლებს ჩვენში თუ მივაღწევთ “სრული უბრალოების მდგომარეობას”. სწორედ ესაა, რისკენაც თომას ელიოტი მიგვითითებს.